არის თუ არა ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადება
არის თუ არა ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადება
ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადებაა, რომლის კონტროლიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ბერძენი თერაპევტისა და დიაბეტის სპეციალისტის, ევანგელოს ფუსტერის განცხადებით, მკურნალობის შეწყვეტიდან 1–2 წელიწადში პაციენტმა შესაძლოა დაკარგული წონის თითქმის 100% მოიმატოს, განურჩევლად იმისა მიღწეული იყო თუ არა წონის კლება დიეტის, მედიკამენტების თუ მათი კომბინაციის საშუალებით.
ექიმი აღნიშნავს, რომ სიმსუქნის მკურნალობა ისეთივე უწყვეტი უნდა იყოს, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი ქოლესტერინის მართვა. მისი თქმით, დაავადება მკურნალობის პერიოდში კონტროლდება, ხოლო თერაპიის შეწყვეტის შემდეგ კვლავ აქტიურდება.
სტამბოლში ევროპის ჭარბწონიანობის კონგრესზე წარმოდგენილმა SURMOUNT-Maintain კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც პრეპარატის სრული დოზა რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს, სხეულის წონის საშუალოდ 23%-იანი კლება შეინარჩუნეს. მათ კი, ვინც მკურნალობა შეწყვიტა, თითქმის მთლიანად მოიმატა დაკარგული წონა.
ფუსტერის თქმით, სიმსუქნის მკურნალობის სარგებელი მხოლოდ წონის კლებას არ მოიცავს. თერაპია ამცირებს პრედიაბეტის, შაქრიანი დიაბეტის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს, ასევე ხელს უწყობს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ძილის აპნოეს, ოსტეოართროზისა და რეპროდუქციული სისტემის დარღვევების გაუმჯობესებას.
ექიმის განმარტებით, მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია რეკომენდებული, მაგალითად, მძიმე გვერდითი მოვლენების ან გადაჭარბებული წონის კლების დროს და ის აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.
ამასთან, სპეციალისტი ურჩევს პაციენტებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, თერაპია არ შეწყვიტონ და დროებით მაინც გააგრძელონ, თუნდაც შემცირებული დოზით, რათა თავიდან აიცილონ დაკარგული წონის სწრაფი მატება.
