სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა
სალონიკში, კერძოდ ამბელოკიპზე ხალკიდის ქუჩაზე მდებარე ბინიდან პოლიციელებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, 2 და 4 წლის და-ძმა, გადაარჩინეს. ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში მარტო იმყოფებოდნენ უკიდურესად ანტისანიტარიულ გარემოში, დახმარების გარეშე.
შემთხვევის შესახებ დეტალები საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელმა, იოანის ხაძილიასმა, ტელეკომპანია Action24-თან ინტერვიუში გაიხსენა.
მისი თქმით მეზობლები შეშფოთებულები იყვნენ, რადგან ბავშვების ტირილის ხმა დღის 17:00 საათიდან ესმოდათ. პოლიციელებმა ბინის კარის გატეხვა გადაწყვიტეს, რადგან მცირეწლოვანებისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან აერიდებინათ. ბინაში ბავშვები სრულიად მარტო იმყოფებოდნენ, ხოლო ირგვლივ სახიფათო ნივთები, მათ შორის დანები იყო განთავსებული.
პოლიციელის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 2 წლის ბიჭი იმყოფებოდა. მან ბავშვს საფენი გამოუცვალა და საჭირო დახმარება აღმოუჩინა.
„წამითაც არ დავფიქრებულვარ. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ პატარას უნდა დავხმარებოდი. ის საკუთარ შვილად აღვიქვი, ბავშვი განუწყვეტლივ ტიროდა. როდესაც მშობელი ხდები, შენში ბევრი რამ იცვლება“, – განაცხადა პოლიციელმა.
ბავშვებისთვის საკვების მისატანად მან მეუღლესაც დაურეკა და სთხოვა, სახლში რაც ჰქონდათ, ყველაფერი მოემზადებინა, რადგან ორი პატარა ბავშვის გამოკვება იყო საჭირო.
მისი თქმით, პოლიციელების მზრუნველობისა და დახმარების შემდეგ ბავშვების მდგომარეობა შეიცვალა და მათ მალევე ტირილიც შეწყვიტეს.
პოლიციელმა აღნიშნა, რომ მისი 29 წლიანი მსახურობის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები ადრეც უნახავს, თუმცა ამჯერად განსაკუთრებით მძიმე გარემოებებთან ჰქონდა საქმე: ბინის მდგომარეობა, ბავშვების მცირე ასაკი, მათი ანტისანიტარია და ის ხანგრძლივი დრო, რომლის განმავლობაშიც ისინი მარტო იყვნენ.
რაც შეეხება ბავშვების დედასა და მის პარტნიორს, პოლიციელის განცხადებით, მათ ურთიერთგამომრიცხავი და გაუგებარი განმარტებები გააკეთეს. პარტნიორის თქმით, ის დღის 14:00 საათიდან სამშენებლო ხარაჩოზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ბავშვის დედა საავადმყოფოში წაიყვანა.
მისივე განმარტებით, ორივე ზრდასრული მიიჩნევდა, რომ ბავშვების მარტო დატოვება პრობლემა არ იყო, რადგან მათი აზრით, ბავშვებს ეძინათ და არაფერი დაემართებოდათ.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ისმის 2 წლის ბიჭის ტირილი და პოლიციელის ხმა, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობს. მეორე პოლიციელი კი 4 წლის გოგონას ეუბნება, რომ ახლა დედის მოსაძებნად წავლენ. მეზობლებიც შევიდნენ ბინაში, რათა ბავშვებისთვის დახმარება გაეწიათ.
პოლიციელმა ინტერვიუს დასასრულს ემოციურად აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურებისა, ბავშვების ღიმილი აძლევს ძალას, გააგრძელოს პროფესიული საქმიანობა.
„ბავშვების ღიმილი გვაძლევს გამძლეობას. თუ მომავალ თაობას დავკარგავთ, ყველა დავიკარგებით“, – განაცხადა მან.
