როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში
როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში
საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა განაცხადა, რომ ციფრული სამუშაო ბარათის (Ψηφιακή Κάρτα Εργασίας) პროგრამა ორ ახალ საპილოტე ეტაპად გაფართოვდება და დამატებით 476 000 დასაქმებულს შეეხება.
ინიციატივის მთავარი მიზანია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, არადეკლარირებული და ნაწილობრივ დეკლარირებული შრომის შემცირება, ასევე სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა. ახალი გაფართოების შემდეგ სისტემაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 2,5 მილიონს მიაღწევს.
მინისტრის განცხადებით, ციფრული სამუშაო ბარათი უზრუნველყოფს რეალურად ნამუშევარი დროის ზუსტ დაფიქსირებას და თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულად გადახდას. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს როგორც მუშაკთა დაცვას, ასევე სამართლიან კონკურენციას ბიზნესებს შორის.
პირველი საპილოტე ფაზა 2026 წლის 2 ივნისიდან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მოიცავს:
- ჯანდაცვის სექტორს (საავადმყოფოები, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრები);
- დასაქმების მხარდამჭერ მომსახურებებს;
- ტელეკომუნიკაციებს;
- მომსახურების გარკვეულ სფეროებს, როგორიცაა საპარიკმახეროები, სილამაზის ცენტრები და ქიმწმენდები;
- შენობებისა და გარე სივრცეების დასუფთავების მომსახურებებს.
მეორე ფაზა 2026 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრამდე განხორციელდება და მოიცავს:
- საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებებს;
- სარემონტო საქმიანობას;
- საწყობებსა და ლოგისტიკურ მომსახურებებს;
- წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მართვას;
- აზარტული თამაშების სექტორს.
საპილოტე პერიოდის განმავლობაში მთავრობა შესაბამის სექტორებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა სისტემა თითოეული დარგის სპეციფიკურ მოთხოვნებს მაქსიმალურად მოერგოს.
აღსანიშნავია, რომ ციფრული სამუშაო ბარათის დანერგვამ უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ზოგიერთ სექტორში დეკლარირებული ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რაოდენობა 1200%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 2,7 მილიონით მეტი ზეგანაკვეთური საათი დარეგისტრირდა. რაც ნათელს ხდის, რომ სისტემა ხელს უწყობს შრომითი ურთიერთობების გამჭვირვალობას და დასაქმებულთა უფლებების დაცვას.
