ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობილია
ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობილია
ათონის მთის ადმინისტრატორმა ალკივიადის სტეფანისმა განაცხადა, რომ 2023 წლის საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ზოგიერთი მონასტერი და ბერი გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს უჭერდა მხარს. მისი თქმით, ბერებზე სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, თუმცა თავად ბერები ცდილობენ, არ ჩაერთონ პოლიტიკის „ტოქსიკურ“ გარემოში და შეინარჩუნონ ბალანსი.
სტეფანისის შეფასებით, ათონის მთის განსაკუთრებული გავლენა საზოგადოებაზე, ბერების განათლება და მათი საერთაშორისო ავტორიტეტი გარკვეულ ადამიანებს უბიძგებს, შეეცადონ ამ გავლენის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. მისი თქმით, დღეს ათონი ასევე ცდილობს თავი შეიკავოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩართვისგან. ამის მაგალითად მან რუსი და უკრაინელი ბერების მშვიდობიანი თანაცხოვრება მოიყვანა.
ათონის მთის ადმინისტრატორმა ასევე ისაუბრა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის, ათონზე ვიზიტზე. მისი განცხადებით, ათონი ყველასთვის ღიაა, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებად მიიჩნევენ. სტეფანისმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ათონზე ყოფნისას ციპრასს რაღაც განსაკუთრებული შეეხო, თუმცა ვიზიტის მიზეზების შეფასებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, „ათონზე უნდა მიხვიდე და სიჩუმეს მისცე საშუალება ილაპარაკოს“.
სტეფანისმა ასევე უარყო მის შესახებ გავრცელებული პოლიტიკური იარლიყები და განაცხადა: „მე საკუთარ თავს მემარჯვენედ არ მივიჩნევ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო.“
მან განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა წმინდა პაისიოსზე და აღნიშნა, რომ ათონის საზოგადოებაში მის მიმართ დიდი პატივისცემაა. ასევე გაიხსენა გარდაცვლილი ბერი ვასილიოს ღონდიკაკისი, რომელსაც იგი მნიშვნელოვან სულიერ პიროვნებად მიიჩნევს.
საბერძნეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე საუბრისას სტეფანისმა აღნიშნა, რომ ათონის მთაზე სხვადასხვა პროექტისთვის 2030 წლამდე დაახლოებით 100 მილიონი ევროა გამოყოფილი. მისი თქმით, სახელმწიფოსთან განსახილველად არსებობს არაერთი საკითხი, მათ შორის ესფიღმენის მონასტრის განსაკუთრებული პრობლემა.
სტეფანისმა ასევე ხაზი გაუსვა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების დახმარებას და გაიხსენა ათონზე ხიდის ჩამონგრევის შემდეგ სამხედროების მიერ Bailey-ს ტიპის დროებითი ხიდის დამონტაჟება.
ეროვნულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბერძნეთმა არ უნდა გადააფასოს თურქეთის შესაძლებლობები, მაგრამ არც საკუთარი ძალების შესაძლებლობების შეეშიბდეს. მისი თქმით, თურქეთის სტრატეგიული მიზნები ხშირად ეწინააღმდეგება საბერძნეთის ინტერესებს.
სტეფანისმა ასევე ისაუბრა 2020 წლის დაძაბულობაზე და აღნიშნა, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის შედარებით მშვიდმა პერიოდმა ქვეყანას მნიშვნელოვანი დრო მისცა სამხედრო, დიპლომატიური და ენერგეტიკული მიმართულებების გასაძლიერებლად.
მისი განცხადებით, საბერძნეთმა საკუთარი ინტერესები თავად უნდა დაიცვას და პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ შეერთებული შტატებისგან არ უნდა ელოდოს. ამასთან, ქვეყანამ უნდა მოძებნოს ის სფეროები, სადაც მისი ინტერესები ამერიკის ინტერესებს ემთხვევა და მომავალს თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად შეხედოს.
