საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს
საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს
საბერძნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო შემოსავლების სამსახური (ΑΑΔΕ) მომღერალ ანნა ვისის საქმიანობის ეკონომიკურ მხარეს გადაამოწმებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც ათენში, კალიმარმაროს სტადიონზე გამართული ორი კონცერტი, ისე მომღერლის 2025 წლის ევროპული ტურნე.
გამოცემის ცნობით, კონცერტების ორგანიზებაზე პასუხისმგებელმა საპროდიუსერო კომპანიამ 80 000 ევროს ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არ დაადეკლარირა. აღნიშნული კომპანია ანნა ვისის საკუთრება არ არის.
საგადასახადო შემოწმება ასევე ეხება 2025 წლის ოქტომბერში დიუსელდორფში, შტუტგარტში, ამსტერდამში, პარიზსა და ბრიუსელში გამართულ კონცერტებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს, რომლებიც მომღერლის ინტერესებთან არიან დაკავშირებული, 2024–2025 წლებში 50 000 ევროზე მეტი დღგ არ აქვთ დეკლარირებული.
ამასთან, საგადასახადო ორგანოები გადასახადებისგან თავის არიდების შესაძლო ფაქტის გამოსავლენად კვიპროსისა და გაერთიანებული სამეფოს კომპანიების მიერ გაცემულ ინვოისებსაც სწავლობენ. აღნიშნული კომპანიები კონცერტებისა და ევროპული ტურნეს ფარგლებში ანაზღაურებას იღებდნენ და ანნა ვისის ინტერესებს წარმოადგენდნენ.
შემოწმება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება.
