საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახმარებას მიიღებენ
საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახმარებას მიიღებენ
საბერძნეთში, 14 ოქტომბერს, დემოგრაფიული განვითარების გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს 10 000 ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში მუდმივად დასახლდებიან.
პროგრამა, 10 000 ევროს დახმარების გარდა, ითვალისწინებს პირველ ეტაპზე 5 000 ევროს წინასწარ ჩარიცხვას განაცხადის დამტკიცებისთანავე. დახმარების მისაღებად აღარ არის აუცილებელი, მოქალაქემ დაამტკიცოს, რომ ახალ საცხოვრებელ ადგილზე მუშაობს. საკმარისია, იქ ჰქონდეს ან იქირაოს საცხოვრებელი სახლი.
პროგრამა თავდაპირველად ევროსის რეგიონში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა, ახლა კი კიდევ ათ რეგიონზე გავრცელდა: დრამაზე, ფლორინაზე, კილკისზე, სერესზე, პელაზე, კასტორიაზე, კოზანიზე, გრევენაზე, იოანინასა და თესპროტიაზე.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია მაქსიმუმ 1 000 გადასახლების დაფინანსება. დახმარების შესანარჩუნებლად ბენეფიციარებმა შესაბამის რეგიონში ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა იცხოვრონ.
ინფორმაცია პროგრამის გაფართოების შესახებ საბერძნეთის სოციალური თანადგომისა და ოჯახის მინისტრმა, დომნა მიხაილიდუმ, საზოგადოებრივ მაუწყებელ ERT-სთან საუბრისას გაავრცელა.
