Latest news
საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება  დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
საბერძნეთიUncategorized

პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ

პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ

საბერძნეთის პოლიციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი პრაქტიკული სწავლება ჩაატარა. ინიციატივის მიზანია პოლიციელებისა და სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მოქმედება, რათა ძალადობის მსხვერპლებმა დროული დაცვა, სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მიიღონ.

სწავლება სახელწოდებით „ერთად პირველ ხაზზე“ 21 ნოემბერს, ამიღდალეზაში, საბერძნეთის პოლიციის ოფიცერთა სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ პოლიციელები, ექიმები, ექთნები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.

ღონისძიება საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელობისა და პირეას და ეგეოსის ზღვის მე-2 ჯანდაცვის რეგიონის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. იგი სამოქალაქო დაცვის სამინისტროს კამპანიის „25 დღე მოქმედებისთვის: ერთად დავარღვიოთ დუმილი“ ფარგლებში განხორციელდა.

სწავლების ფარგლებში ორი რეალური შემთხვევის სიმულაცია ჩატარდა.

პირველი სცენარი ოჯახში ძალადობის მძიმე შემთხვევას ეხებოდა, რომლის დროსაც ინციდენტს არასრულწლოვანი ბავშვიც შეესწრო. ყველაფერი მეზობლის მიერ პოლიციის ნომერზე „100“ განხორციელებული ზარით დაიწყო. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოძალადე დააკავეს, ხოლო დაზარალებულსა და ბავშვს დახმარება აღმოუჩინეს. შემდგომი ეტაპი მოიცავდა მათ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაყვანას, სამედიცინო შემოწმებას, სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის ჩართვას. ასევე დამუშავდა მტკიცებულებების შეგროვებისა და პროკურორთან კომუნიკაციის პროცედურები.

მეორე სცენარში კი ძალადობის შემთხვევა თავდაპირველად საავადმყოფოში გამოვლინდა. სამედიცინო პერსონალს უნდა ამოეცნო, რომ პაციენტის დაზიანება შესაძლოა ოჯახში ძალადობის შედეგი ყოფილიყო, რის შემდეგაც პოლიციასთან თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადაედგათ.

სწავლებაში ჩართული იყვნენ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომუშავე პოლიციელები და ატიკას საგანგებო რეაგირების სამსახურის წარმომადგენლები. ჯანდაცვის სფეროდან მონაწილეობდნენ ფსიქიატრები, ექთნები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ყველა მათგანს წინასწარ გავლილი ჰქონდა შესაბამისი სპეციალიზებული მომზადება.

ორივე სცენარის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ერთობლივად შეაფასეს შედეგები, რათა მიღებული გამოცდილება მომავალში თანამშრომლობის პროტოკოლების განახლებისა და რეაგირების გაუმჯობესებისთვის გამოიყენონ.

საბერძნეთის პოლიცია და ჯანდაცვის უწყებები აპირებენ მსგავსი პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებული ყურადღებით კუნძულოვან რეგიონებზე.

პროექტის მთავარი მიზანია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დახმარების მიღება შეძლოს მიუხედავად იმისა, თავდაპირველად პოლიციას მიმართავს თუ საავადმყოფოს. პოლიციის ჩარევა, სამედიცინო მომსახურება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ერთიანად და კოორდინირებულად უნდა განხორციელდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *