ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება
ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება
ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაცია ΣΤΑΣΥ მეტროს მე-2 და მე-3 ხაზების გვირაბების მასშტაბურ დასუფთავებას გეგმავს. გაწმენდის სამუშაოები ქსელის ფუნქციონირების დაწყებიდან 26 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდება.
პროექტის მთავარი მიზანია გვირაბებში გარემოს ჰიგიენისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. წლების განმავლობაში გვირაბების კედლებსა და იატაკზე დაგროვდა მტვერი, ლითონის ნაწილაკები, ქვიშა და სხვა სახის დაბინძურება.
დასუფთავების სამუშაოები მოიცავს:
- გვირაბების ჭერისა და კედლების გარეცხვას, სადგურების მონაკვეთების გამოკლებით;
- საფეხმავლო ბილიკების, საინფორმაციო ნიშნების, მოაჯირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მილების გაწმენდას;
- ელექტრომომარაგების სისტემებისა და ლიანდაგების მიმდებარე სივრცის გარეცხვას;
- ლიანდაგების, ელექტროგამტარი რელსისა და წყლის სადრენაჟო არხების გაწმენდას.
სამუშაოებისთვის გამოყენებული იქნება სპეციალური დანადგარი, რომელიც მეტროს გვირაბებში მუშაობისთვისაა შექმნილი და ორივე მიმართულებით გადაადგილება შეუძლია.
დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ღამის საათებში 01:05-დან 04:30-მდე, როდესაც მეტრო მგზავრებს არ ემსახურება.
პროექტი დაახლოებით 71 კილომეტრის სიგრძის ერთლიანდაგიან მონაკვეთებს მოიცავს. სამუშაოების დასრულებისთვის შვიდი თვეა გათვალისწინებული. ამასთან, ყოველდღიურად აღირიცხება უკვე გაწმენდილი გვირაბების მონაკვეთები და მათი სიგრძე.
ΣΤΑΣΥ-ს ასევე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გვირაბების დეზინფექციც.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 3 044 480 ევროს დღგ-ს გარეშე. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს განაცხადების წარდგენა 2026 წლის 25 იანვარს, 10:00 საათამდე შეეძლოთ.
პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს ათენის მეტროს ინფრასტრუქტურის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მგზავრებისა და თანამშრომლებისთვის უფრო სუფთა და ჰიგიენური გარემოს შექმნას.
