საბერძნეთში საზაფხულო ტურიზმიდან შემოსავალი ტყის ხანძრების გამო შემცირდა
ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ის ქვეყნები და მათ შორის საბერძნეთი, რომლებიც ივლისის ბოლოს გაჩენილმა ხანძრებმა სერიოზულად დააზარალა, აფასებენ თუ რა გავლენას მოახდენს ეს ტურიზმსა და შემოსავალზე.
ტყის ხანძარმა გამოიწვია ათასობით ტურისტის ევაკუაცია სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპულარული მიმართულებებიდან. ბევრი ადგილისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის სიცოცხლის წყაროა.
ევროკავშირის შეფასებით, ივლისის ბოლოს საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრებმა გაანადგურეს 1350 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მიწის ფართობი, რამაც გავლენა მოახდინა დაახლოებით 120 000 ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
ტყის ხანძრების შედეგად საბერძნეთისა და იტალიის ტურისტული მიმართულებები სერიოზულად დაზარალდა, რამაც გამოიწვია ტურისტების ჩამოსვლის მნიშვნელოვანი შემცირება. კუნძულ როდოსზე გაუქმდა ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
საბერძნეთში, როდოსის გარდა, ყველაზე მეტად დაზარალდა კორფუ, ევია და მაგნეზია. ზუსტი ფინანსური ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ზარალის ოდენობა აშკარაა დაზიანებული ტერიტორიების სატელიტური სურათებით.
გარდა ამისა, ხანძარს მოჰყვა სულ მცირე ექვსი ადამიანის დაღუპვა, მათ შორის ორი მფრინავის, რომელთა თვითმფრინავიც ხანძრის ჩაქრობის დროს ჩამოვარდა .
საბერძნეთის ტურისტული ინდუსტრია შედარებით გამძლე აღმოჩნდა ტყის ხანძრის გავლენის მიმართ, მაგრამ სხვა მიმართულებებს ნაკლებად გაუმართლა.
მაგალითად, ტყის ხანძრებმა იტალიის ბევრ მიმართულებაზე დაჯავშნის შენელება გამოიწვია, ხანძრის მახლობლად მდებარე ადგილებშიც კი.
როდოსი მოელოდა საერთაშორისო ჩამოსვლების 8-10 პროცენტიან ზრდას. ეს მოლოდინი ეყრდნობოდა 2022 წლის მონაცემებს, რომლის დროსაც დაახლოებით 2,6 მილიონი ვიზიტორი ჩავიდა საბერძნეთის კუნძულზე, ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან და გერმანიიდან.
თუმცა, ხანძრის შემდეგ, ივლისის ბოლო კვირაში ფრენების გაუქმებამ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯავშნების რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მანოლის მარკოპულოსი, როდოსის სასტუმროების ასოციაციის ლიდერი, იმედოვნებს, რომ ხანძრისგან დაზარალებულ რაიონებში ვიზიტორების რიცხვის ეტაპობრივი გაზრდა ხელს შეუწყობს ტურიზმის პროგნოზირებული აღმავლობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენას.
”8-10 აგვისტოსთვის ვფიქრობ, რომ ყველა ამ კურორტზე ჩვენ ნორმალურ ტემპს დავუბრუნდებით”- აღნიშნა მან.
გასულ კვირას საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი შესთავაზებს უფასო დასვენებას როდოსზე ტურისტებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ კუნძული ნაადრევად დაეტოვებინათ დამანგრეველი ხანძრის გამო.
„საბერძნეთის მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მომავალ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შესთავაზებს ერთკვირიან უფასო შვებულებას როდოსზე ყველას, ვინც ის ხანძრის გამო გამოტოვა”- აღნიშნა პრემიერმა ბრიტანულ არხთან საუბრისას
