Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გარდაიცვალა ევი ღატიდუს დედა – სტუდენტი, რომელიც 1997 წელს სასტიკად მოკლეს

გარდაიცვალა ევი ღატიდუს დედა – სტუდენტი, რომელიც 1997 წელს სასტიკად მოკლეს

72 წლის ასაკში გარდაიცვალა როდი ღატიდუ, 21 წლის მედიცინის სტუდენტის, ევი ღატიდუს დედა. ევი 1997 წელს საბერძნეთის ქალაქ ლარისაში სასტიკად მოკლეს. მას დანით 104 ჭრილობა მიაყენეს. მკვლელის ვინაობა კი დღემდე დადგენილი არ არის.

ოჯახი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დამნაშავე დასჯილიყო და ევის მკვლელობის საქმეზე სამართლიანობა აღდგენილიყო. ამ ბრძოლაში ოჯახს ეხმარებოდნენ ადვოკატი ნიკოლეტა ბასდეკი და აწ უკვე გარდაცვლილი კრიმინოლოგი იანნის დიამანდისი.

როდი ღატიდუს გარდაცვალების შესახებ ნიკოლეტა ბასდეკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია. გარდაცვლილს ადვოკატმა ემოციური პოსტი მიუძღვნა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ როდი იქ შეხვდებოდა თავის ქალიშვილ ევის და, შესაძლოა, სწორედ თავად ეთქვა სამოთხეში ევის ვინ არის მისი მკვლელი.

ევი ღატიდუ 21 წლის, წარმოშობით დრამადან, თესალიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და ლარისაში ცხოვრობდა.

სტუდენტი 1997 წლის 27 სექტემბრის ღამეს საკუთარ ბინაში მოკლეს. მისი ცხედარი ოთხი დღის შემდეგ, საწოლში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს სხეულზე 104 დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

საქმეზე დააკავეს 43 წლის მამაკაცი, რომელიც ევიმ ევანგელურ ეკლესიაში გაეცნო. მამაკაცმა მას ქორწინება სამჯერ შესთავაზა, თუმცა სტუდენტმა მისი წინადადება სამივეჯერ უარყო. უკანასკნელი შეთავაზება მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა.

საქმე 1999 წელს დაიხურა, რადგან გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. მოგვიანებით საქმის მასალები ხელახლა გამოიძიეს და 2003 წელს ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე წარდგა.

2005 წელს ვოლოსის შერეულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი ერთხმად დამნაშავედ სცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა 2007 წლის იანვარში ლარისის სააპელაციო სასამართლომ 43 წლის მამაკაცი ერთხმად გაამართლა, რითაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად გააუქმა.

ევი ღატიდუს მკვლელობის საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ბურუსით მოცულ მკვლელობად რჩება, ხოლო მისი ოჯახის მთავარი კითხვა: ვინ მოკლა 21 წლის სტუდენტი, პასუხგაუცემელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *