როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი დასვენება მიკონოზე სულ რაღაც 50-60 ევროდ დღეში
დღეს კუნძული მიკონო რეკლამირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტური კუნძული მსოფლიოში და როგორც ცნობილია ის მუდმივად იზიდავს მდიდარ და ცნობილ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
თუმცა მდიდრების და ცნობილების გვერდით მოდის ასობით ათასი “ჩვეულებრივი” ადამიანი, ვისაც ასევე სურს კუნძულზე დასვენება და დროსტარება,თუმცა ბევრი მათგანი ორჯერ დაფიქრდება, სანამ მიკონოს მონახულებას გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ რომ კოსმოპოლიტურ კუნძულზე სათანადო დასვენებისთვის სახლი უნდა გაყიდოს.
მართლაც, მიკონოზე არის ადგილები გადაჭარბებული ფასებით. არის ვილები, რომლებიც დღეში 5000 დოლარად ქირავდება, ასევე პატარა ოთახები, რომელთა ფასი ერთი ღამით 300 დოლარია.
მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს სურს მიკონოზე კარგი დრო გაატაროს და არ დახარჯოს ამისთვის კოლოსალური თანხა, ეს შესაძლებელია. შეგიძლიათ რეალურად წახვიდეთ მიკონოზე და ისიამოვნოთ დღეში მხოლოდ 50-60 ევროდ.
პირველ რიგში, არ უნდა წახვიდეთ კუნძულზე აგვისტოში, რადგან ამ დროს ის სავსეა ვიზიტორებით და საცხოვრებლის ფასებიც ძალიან მაღალია.
ივნისი, ივლისი, სექტემბერი და თუნდაც ოქტომბერი, იდეალურია კუნძულის ცნობილი პლაჟებით ტკბობისთვის.
უმჯობესია გამგზავრებისთვის აირჩიოთ დაბალსიჩქარიანი გემი. ეს არის ოთხსაათიანი მგზავრობა პირეას პორტიდან დაახლოებით 25 ევროდ, რა დროსაც შეგიძლიათ გემბანზეც გაირუჯოთ.
ახალგაზრდები ირჩევენ ღამის გათევას კემპინგის ზონაში, რაც დაახლოებით 33-35 ევრო ღირს ერთი ღამით.
ეს რათქმაუნდა სულაც არ არის ცუდი, თუ უბრალოდ მოგწონთ დაბანაკება და ღამის გათევა მთელ კუნძულზე ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟზე.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სცადოთ ოთახების დაჯავშნა Airbnb-ის საშუალებით, მაგრამ ამის გაკეთება შეძლებისდაგვარად წინასწარ მოგიწევთ. თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, Airbnb-ის ბინა კარგი გარიგება იქნება: რაც მეტი, მით უფრო იაფი და მით უკეთესი.
თუ არ მოგწონთ კემპინგი, შეგიძლიათ აირჩიოთ საცხოვრებელი რაც შეიძლება ახლოს ჩორასთან (ცენტრში). აქ არის ღამის ცხოვრება, სასადილოები და სუპერმარკეტები. არ ინერვიულოთ, რომ ვერ შეძლებთ სანაპიროზე სიარულს, რადგან კუნძულს აქვს საზოგადოებრივი ავტობუსები, რომლებიც მიგიყვანთ ყველაზე პოპულარულ სანაპიროებამდე. ავტობუსის საფასური დაახლოებით 1,50 ევროა.
რაც შეეხება კვებას, შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი ადგილობრივ სუპერმარკეტებში, ან მიირთვათ გირო ან სუვლაკი ჩორას რამდენიმე ტავერნადან ერთ-ერთში. ეს იქნება იაფი, ნოყიერი და გემრიელიც.
თუ გსურთ საღამოობით კლუბში ან ბარში წასვლა, შეგიძლიათ შეიტანოთ ერთი ან ორი ლუდი, რომელიც წინასწარ შეიძინეთ სუპერმარკეტში, ეს სავსებით დასაშვებია, თუმცა ალტერნატიულად, შეგიძლიათ იპოვოთ იაფი ბარი ან კლუბი, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ლუდი ან კოქტეილი და დარჩეთ რამდენი ხანიც გსურთ. ოფიციანტები არ შეგაწუხებენ ამ ტიპის დაწესებულებებში, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ლუდი ხუთ ევროდ და შერეული სასმელი შვიდიდან ათ ევროდ რამდენიმე ასეთ ადგილზე.
მიკონოს პლაჟები ერთ-ერთი საუკეთესოა საბერძნეთში, ამიტომ სასურველია იქ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.
მისი საკულტო, კრისტალურად სუფთა წყლები და გლუვი, ოქროსფერი ქვიშა კუნძულის ღირსშესანიშნაობაა. Super Paradise, Paradise, Psarou, Elia და Kalafatis- ეს პლაჟები მიკონოზე ყველაზე პოპულარულია.
მოერიდეთ შეზლონგების და ქოლგის დაქირავებას. სანაცვლოდ მიიტანეთ საკუთარი პლაჟის ქოლგა მარკეტიდან და განათავსეთ იგი თავისუფალ ადგილას, ორგანიზებული, კომერციული პლაჟის ტერიტორიებიდან მოშორებით.
მოერიდეთ საჭმლის ან სასმელის ყიდვას ნებისმიერ სანაპიროზე, რადგან ეს არც თუ ისე იაფია.
მიკონოზე ნამდვილად შეგიძლიათ დაესწროთ წვეულებას მთელი ღამის განმავლობაში. პლაჟის წვეულებები იწყება გვიან შუადღისას და გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. თუ კემპინგის ზონაში დარჩებით ღამით, შეგიძლიათ შეუერთდეთ წვეულებას და არაჩვეულებრივად გაერთოთ.
ასე რომ, შეგიძლიათ ეწვიოთ მიკონოს დღეში 50-60 ევროდ და მაინც არაჩვეულებრივად გაატაროთ დრო და მოიწყოთ არაჩვეულებრივი, დასამახსოვრებელი დასვენება.
სულაც არ არის აუცილებელი იყოთ მაგნატი, რომ შეისწავლოთ და დატკბეთ საბერძნეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულით.