Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

რას წერს მაროკო- იტალიელი აქტივისტი, რომელმაც პირველმა აცნობა საბერძნეთს და იტალიას გემზე მყოფი ემიგრანტების მდგომარეობა

ნავალ სუფი, მაროკო-იტალიელი აქტივისტი, სოციალური მუშაკი და უფლებადამცველი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ პირველმა აცნობა საბერძნეთისა და იტალიის ხელისუფლებას თუ რა სიტუაციაში იმყოფებოდნენ ემიგრანტები გემზე, რომელიც საბოლოოდ ჩაიძირა პილოსის მახლობლად საერთაშორისო წყლებში.

მოხდა ფატალური ტრაგედია 79 დაღუპული ადამიანით, რომელმაც შოკში ჩააგდო საერთაშორისო საზოგადოება.

საბერძნეთის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ნავალ სუფიმ დაწერა ის, რაც უშუალოდ გემზე მყოფმა ემიგრანტებმა აცნობეს და  ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლებას აძლევს ჟურნალისტებს გამოიყენონ ეს როგორც მასალა  რეპორტაჟებისთვის.

“2023 წლის 13 ივნისს, გამთენიისას, 750 კაცით დატვირთულ გემზე მყოფი ემიგრანტები დამიკავშირდნენ და მითხრეს თავიანთი მდგომარეობის შესახებ. ხუთი დღის მგზავრობის შემდეგ წყალი ამოიწურა, გემის კაპიტანმა ისინი ღია ზღვაში მიატოვა და ბორტზე ექვსი ცხედარიც იყო. ემიგრანტებმა ზუსტად არ იცოდნენ სად იმყოფებოდნენ, მაგრამ სატელეფონო კავშირის საშუალებით განსაზღვრული კოორდინატებით შევძელი მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა და შესაბამის ორგანოებს ვაცნობე.

თუმცა სიტუაცია გართულდა, როცა სამაშველო გემი მიუახლოვდა მათ გემს, ორ ადგილზე თოკები მიაბა და წყლის ბოთლების გადატვრთვა  დაიწყო. ემიგრანტები დიდ საფრთხეს გრძნობდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ თოკებს შეიძლება გემის გადაბრუნება,  ბორტზე წყლის მოხვედრა და მისი ჩაძირვა  გამოეწვია, ამ მიზეზით, ისინი ოდნავ დაშორდნენ გემს, რათა თავიდან აეცილებინათ საფრთხე.

ღამის განმავლობაში გემზე ვითარება კიდევ უფრო დრამატული გახდა, ემიგრანტები დაბნეულები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, ეს იყო სამაშველო ოპერაცია თუ მათი სიცოცხლე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგებოდა.

მე მათთან კავშირზე ვიყავი საბერძნეთის დროით საღამოს 11 საათამდე, ვცდილობდი დამემშვიდებინა ისინი და დავხმარებოდი გამოსავლის პოვნაში. გამუდმებით მეკითხებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და მე ვეუბნებოდი, რომ საბერძნეთის მხარე დახმარებას გაგზავნიდა.

ბოლო სატელეფონო ზარში, კაცმა, ვისთანაც ვესაუბრებოდი, მკაფიოდ მითხრა: “ვგრძნობ, რომ ეს ჩვენი ბოლო ღამე იქნება.”  როდესაც ემიგრანტები ოდნავ დაშორდნენ სამაშველო გემს, ეს მათ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით გააკეთეს, ისინი არ აპირებდნენ იტალიის მიმართულებით ცურვის გაგრძელებას, მათ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაევლოთ იტალიის წყლებში, რადგან გემს კაპიტანი არ ჰყავდა და გამუდმებით მეკითხებოდნენ რა გაეკეთებინათ.

მათ აუცილებლად სჭირდებოდათ დახმარება იმ წყლებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მათ რომ  იტალიის მიმართულებით ცურვის გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინათ ცხადია, მალტას, საბერძნეთსა და იტალიას შევატყობინებდი, მაგრამ ემიგრანტებს ეს არ  უთქვამთ.

შესაძლებელია თუ არა, რომ ემიგრანტების გემის გარიდება იმ სახიფათო სიტუაციიდან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, როდესაც მათ სამაშველო გემი მიუახლოვდა, საბერძნეთის ხელისუფლებამ განმარტა როგორც გადარჩენისგან გაქცევა? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ხალხი ნამდვილად ითხოვდა გადარჩენას ნებისმიერი ქვეყნიდან.

მთელი დღის განმავლობაში და ღამის 11 საათამდე მე არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ დავამშვიდე გემზე მყოფი ხალხი და ავუხსენი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში დახმარება აუცილებლად მივიდოდა. მათ მხოლოდ ბორტზე პანიკური სიტუაციის მართვა უნდა მოეხერხებინათ”- წერს ნავალ სუფი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *