საბერძნეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის როგორც წიგნები ასევე კვებაც უფასოა
საბერძნეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის როგორც წიგნები ასევე კვებაც უფასოა
საბერძნეთში ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა. სოციალური თანადგომისა და ოჯახის სამინისტროს ინიციატივა ამჟამად 160 მუნიციპალიტეტის 2 000 დაწყებით სკოლას მოიცავს და დღეში 240 000-მდე კვების პორციის მიწოდებას ითვალისწინებს.
მინისტრ დომნა მიხაილიდუს განცხადებით, პროგრამის მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და დაბალანსებული საკვების მიწოდებაა. კერძები მომზადდება მიწოდების დღესვე, ხოლო მენიუ ხმელთაშუაზღვისპირული კვების პრინციპებს დაეფუძნება: გათვალისწინებულია ხორცი, თევზი, პარკოსნები, ბოსტნეული, სალათები, ხილი და სრულმარცვლოვანი პური. არ გამოიყენება შემწვარი საკვები, ხოლო მარილის რაოდენობა შეზღუდულია.
საკვების ხარისხს ყოველდღიურად სკოლებში სპეციალური სამკაციანი კომისია შეამოწმებს. დამატებით, საბერძნეთის სურსათის კონტროლის ორგანო და სოციალური დახმარების სააგენტო ამოწმებენ საკვების მომზადებისა და შეფუთვის ობიექტებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და პროდუქტების მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს.
პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას ან დარეკონ ნომერზე 1555.
პროგრამა მონაწილე სკოლებში ყველა მოსწავლეზე ვრცელდება, რათა ბავშვებმა საკვები თანაბარ პირობებში მიიღონ და არ მოხდეს მათი სოციალური ნიშნით გამიჯვნა.
