საბერძნეთი: რომელ რეგიონებშია 31 ივლისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი
საბერძნეთი: რომელ რეგიონებშია 31 ივლისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი
31 ივლისიდან 48 საათის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ პასუხისმგებელი ორგანოები საბერძნეთის მოსახლეობას ძლიერი ჩრდილოეთის სეზონური ქარების გამო, რომლის სიჩქარეც ზოგიერთ რაიონში 100 კმ/სთ-ს გადააჭარბებს. ძლიერი ქარებისა და მაღალი ტემპერატურის კოქტეილი მნიშვნელოვნად ზრდის ტყის ხანძრის გაჩენისა და სწრაფად გავრცელების საფრთხეს.
მეტეოროლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკი, კერძოდ მე-4 კატეგორია ხვალ, 31 ივლისს, გამოცხადებულია ათენში და კუნძულ კითირაზე, პელოპონისოში, ცენტრალურ საბერძნეთში, ევიასა და სკიროს კუნძულებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსის კუნძულებზე, კრეტაზე, დასავლეთ საბერძნეთში, ასევე ევროსისა და სამოთრაკის რეგიონებში.
ქარები ძირითადად ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან დაუბერავენ. იონიის ზღვაში ქარი შედარებით სუსტი და ზომიერი იქნება, ხოლო ეგეოსის ზღვაში 7-8 ბოფორამდე.
ტემპერატურა დასავლეთ საბერძნეთში 38-39 გრადუსს მიაღწევს, დოდეკანისას კუნძულებზე დაახლოებით 37 გრადუსი იქნება, ხოლო იონიის კუნძულებსა და კრეტაზე 35 გრადუსამდე მოიმატებს.
ათენში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ტემპერატურა 22-დან 33 გრადუსამდე იმერყევებს, დაუბერავენ 8 ბოდორამდე სიმძლავრის ქარები.
სალონიკში ძირითადად უღრუბლო ამინდი იქნება, თერმაიკოსის ყურეში სუსტი ქარით, ხოლო ტემპერატურა 33 გრადუსს არ გადააჭარბებს.
