საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები
საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები
საბერძნეთის მთავრობამ წყლის რესურსების მართვის ახალი ეროვნული პოლიტიკა წარადგინა, რომლის მიზანია გვალვისა და კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავება, ასევე მოსახლეობის უსაფრთხო და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 170-ზე მეტ მუნიციპალიტეტში განხორციელდება 901 წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 3,4 მილიარდ ევროს შეადგენს.
რეფორმა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყლის მართვის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნას, წყლის რესურსების ცენტრალიზებულ და ეფექტიან მართვას, ასევე ევროპული გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების გამოყენებას.
მთავრობა ასევე გეგმავს წყლის მომსახურების სფეროს რეორგანიზაციას. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 70 წყლის მიმწოდებელი ორ მსხვილ სახელმწიფო ორგანიზაციაში – ΕΥΔΑΠ-სა და ΕΥΑΘ-ში გაერთიანდება, რაც წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვასა და დანაკარგების შემცირებას შეუწყობს ხელს.
მთავრობის განცხადებით, ახალი პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების მდგრადი, თანამედროვე და ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მომავალში წყალზე ხელმისაწვდომობასა და გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.
