ქალის საიდუმლო ნეშტი ათონის მთაზე, სადაც მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან
2019 წელს ათონის მთაზე, პანდოკრატოროს მონასტრის სასაფლაოზე, საუკუნეების წინ დაკრძალული, უცნობი ქალის ნეშტი აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის წმინდა მთაზე არსებულ მონასტრებში, თითქმის 1800 წლიანი არსებობის მანძილზე, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ ფეხის დადგმის უფლება და ასე გრძელდება დღემდე.
ქალის ძვლები აღმოაჩინეს წმინდა ათანასიოს ათონიტის სამლოცველოს იატაკზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, სადაც ტარდება მონასტერთან დაკავშირებული საერო პირების დაკრძალვის ცერემონიალი.

რესტავრატორი ფედონ ხაძიანტონიუ, რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს, ვარაუდობდა, რომ ძვლები შესაძლოა ეკუთვნოდეს ქალს, სახელად სტაშას, მე-16 საუკუნის მემამულის ცოლს, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა თავის ვაჟებთან ერთად.
“რამდენადაც მე ვიცი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ათონზე ქალის ძვლები აღმოაჩინეს”, – თქვა ხაძიანტონიუმ ბერძნულ ყოველდღიურ გაზეთ To Ethnos-თან ინტერვიუში .
”ცნობილია, რომ წარსულში, როდესაც იყო შემოსევები ან რევოლუციები, ბერები ხსნიდნენ მონასტერს ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად,” – განმარტა მან.
რესტავრაციის მიმდინარეობის დროს მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს მამაკაცების კუთვნილი ძვლების ფრაგმენტები. როგორც ვარაუდობენ ისინი მუშები და დამხმარე პერსონალი იყვნენ, რადგან ბერებს მონასტრის მთავარ შენობაში საკუთარი განსასვენებელი აქვთ.
ათონის მთა აკრძალულია ქალებისთვის (გარკვეული გამონაკლისის გარდა), შესაბამისად ათონზე ქალების ხილვის შესახებ ცნობები საუკუნეების მანძილზე საკმაოდ იშვიათი იყო.
თუმცა, ათონზე გადაღებული, ქალის ბუნდოვანი, შავ-თეთრი ფოტო, რომელიც გამოქვეყნდა ბერძნულ გაზეთში 1903 წელს, კვლავ საიდუმლოდ რჩება. ზოგიერთი ბერს მტკიცედ სჯერა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი უცნობი ქალი მარცხნივ თავად ღვთისმშობელია.
დახრილი ფიგურა ასევე ძალიან წააგავს შავხალათიან მართლმადიდებელ მონაზონს.

ქალთა აკრძალვა ათონის მთაზე ოფიციალურად თორმეტჯერ დაირღვა 382 წლიდან. ქვემოთ მოცემულია ფაქტები ამ შემთხვევების შესახებ.
382 წელს იმპერატორ თეოდოსიუს I-ის ასულის, პლაკენტიის მიერ.
1081 და 1108 წლებში მწყემსების ოჯახების მიერ (300-ზე მეტი).
1345 წელს სერბეთის იმპერატორ სტეფან დუშანის მეუღლის ელენის მიერ.
1404 წელს იოანე პალეოლოგოსის მეუღლის მიერ.
1854 წელს ახალგაზრდა გოგონების ჯგუფის მიერ, რომლებიც ცდილობდნენ თავის გადარჩენას ხალკიდიკის აჯანყების შემდეგ.
1905 წელს ახალგაზრდა რუსი პრინცესა ტატიანა ნიკიტას მიერ.
1929 ბერძენი “მის ევროპა”- ალიკი დიპლარაკუს მიერ, რომელიც მამაკაცურად იყო გამოწყობილი.
1931 წელს ფრანგი ჟურნალისტის მერიზე შოისის მიერ, რომელიც მეზღვაურად გადაცმული შეიპარა ათონზე და დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ წიგნში სახელწოდებით “ერთი თვე მამაკაცებთან ერთად”.
1948 წელს საბერძნეთის დემოკრატიული არმიის ქალების ჯგუფის მიერ, რომლებმაც დაარღვიეს დაცვა და შევიდნენ, როდესაც მათ დევნიდა საბერძნეთის არმია სამოქალაქო ომის დროს.
1953 წელს ამერიკელი მასწავლებლის, კორა მილერის მიერ.
1971 წელს ფრანგი ფილოლოგი ჟაკლინ მიკელე და იტალიელები ლუიზა ბარბარიტო და მარია პასტერლა.
1990 წელს ბერძენი ჟურნალისტი მალვინა კარალი იყო უკანასკნელი ქალი, რომელმაც აკრძალვა დაარღვია და მამაკაცურად ჩაცმული შევიდა საკურთხეველში.
