ჰოლივუდი იხურება-მსახიობები სცენარისტთა ისტორიულ გაფიცვას შეუერთდნენ
ჰოლივუდის კინოსა და ტელევიზიის მსახიობები ერთხმად უერთდებიან სცენარისტების მიერ მაისში დაწყებულ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ ერთობლივ გაფიცვას.
ამ ნაბიჯით ისინი წყვეტენ თანამშრომლობას გასართობ ინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც სტუდიებთან და სტრიმინგ სერვისებთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა.
კინომსახიობთა გილდია (SAG-AFTRA) მოითხოვს, რომ სტრიმინგ გიგანტები დათანხმდნენ მოგების უფრო სამართლიან განაწილებაზე და უკეთეს სამუშაო პირობებზე, ისინი ასევე ითხოვენ გარანტიას იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) და კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ იქნება გამოყენებული მსახიობების ჩასანაცვლებლად.
SAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროფკავშირის ხელმძღვანელობამ ხმა მისცა სამუშაოს შეწყვეტას მათი კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მოლაპარაკებები შეწყდა კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსთან, რომლებიც წარმოადგენენ დამსაქმებლებს, მათ შორის Disney, Netflix, Amazon. და სხვა.
ეს არის პირველი გაფიცვა კინოსა და სატელევიზიო შოუების მსახიობებისთვის 1980 წლის შემდეგ და ასევე ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, როდესაც ჰოლივუდის ორი მთავარი პროფკავშირი ერთდროულად გაიფიცა 1960 წელს, როდესაც მსახიობთა გილდიის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო.
„დამსაქმებლები უოლ სტრიტსა და სიხარბეს პრიორიტეტად აქცევენ და ავიწყდებათ ძირითადი კონტრიბუტორები, რომლებიც ამუშავებენ მანქანას”- განაცხადა SAG-AFTRA-ს პრეზიდენტმა ფრენ დრეშერმა თავის გამოსვლაში.
თავის მხრივ ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს სტუდიების, კინო და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსს, გააკრიტიკა მსახიობთა გილდიის ეს გადაწყვეტილება.
„გაფიცვა, რა თქმა უნდა, არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით, რადგან სტუდიები ვერ იმუშავებენ იმ შემსრულებლების გარეშე, რომლებიც ჩვენს სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს აცოცხლებენ.
სამწუხაროდ, კავშირმა აირჩია გზა, რომელიც გამოიწვევს ფინანსურ გაჭირვებას ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ინდუსტრიაზე“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეშფოთების გადასაჭრელად, ჯგუფმა განაცხადა, რომ დათანხმდა „შემუშავებულ წინადადებას“, რომელიც დაიცავს მსახიობებს მათი ციფრული ორეულების გამოყენებისგან და მათი ციფრული ასლების გამოყენება შოუებში ან ფილმებში მხოლოდ მსახიობთა პირადი თანხმობის შემთხვევაში მოხდება, თუმცა მეორე მხარისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია.
-„ისინი გვთავაზობენ პირობებს, რომლის ფარგლებშიც მათ შეეძლებათ შემსრულებლების გარეგნობისა და ხმის ტემბრის ციფრული სკანირება, გადაიხდიან ერთი დღის ანაზღაურებას, რის შემდეგაც კომპანიას ექნება შესაძლებლობა სკანირებული მონაცემები ხანგრძლივი ვადით გამოიყენოს. თუ ფიქრობთ, რომ ეს ინოვაციური წინადადებაა, გირჩევთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ”- ნათქვამია მსახიობთა გილდიის წარმომადგენლის განცხადებაში.
ფილმების მწარმოებელთათვის გაფიცვა ნიშნავს, რომ სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება შეუძლებელი გახდება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაღებები უკვე დასრულებულია, მსახიობები მიუწვდომელი იქნებიან ხელახალი გადაღებებისთვის და ფილმის გადაღების პროცესის სხვა არსებითი ელემენტებისთვის.
სატელევიზიო შოუები, რომლებსაც ჯერ კიდევ იღებენ, დიდწილად შეწყდება, რადგან მსახიობები მიუწვდომელი გახდებიან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი გარიგებები შეიძლება მოხდეს შემსრულებლებსა და პროდიუსერებს შორის, რათა მუშაობა გაგრძელდეს.
ჰოლივუდის ტოპ ვარსკვლავები ვერ დაესწრებიან ღონისძიებებს მომავალი რელიზების პოპულარიზაციისთვის. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა Emmy და Comic-Con შეიძლება გადაიდოს ან საერთოდ გაუქმდეს.
საერთაშორისო ღონისძიებები, როგორიცაა ტორონტოსა და ვენეციის კინოფესტივალები, კვლავ გაგრძელდება, თუმცა SAG-ის მსახიობები ვერ შეძლებენ დასწრებას, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ყოველწლიურად.
