ვენერა მილოსელის (აფროდიტეს) საინტერესო ისტორია
ვენერა მილოსელის (აფროდიტეს) საინტერესო ისტორია
როგორ იგდეს ხელთ ქანდაკება ფრანგებმა 1821 წლის რევოლუციამდე.

როგორც მოგეხსენებათ, ვენერა მილოსელი, ანუ აფროდიტე ძველი ბერძნული ხელოვნების შედევრთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა.
საინტერესოა ისტორია, თუ როგორ იგდეს ხელთ ეს ქანდაკება ფრანგებმა 1821 წლის რევოლუციამდე.
სამწუხაროდ, თურქეთის მმართველობის პერიოდში, დამონებული საბერძნეთიდან არქეოლოგიური საგანძურის გატაცების შესაძლებლობა არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ ფრანგებსაც მიეცათ….
სამშობლოდან გატაცებულ ვენერა მილოსელის ქანდაკებას 1820 წელს თურქების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიაგნეს და ის, 1821 წლიდან პარიზის ლუვრის მუზეუმს ამშვენებს.
გვიანი ელინისტური პერიოდის, (ძვ. წ. II საუკუნის დასასრული), 2,02 მ სიმაღლისა და 900 კგ მარმარილოს ქანდაკება გამოსახავს სილამაზისა და სიყვარულის ნახევრად შიშველ ქალღმერთს, რომელსაც სამოსი მხოლოდ თეძოებზე აქვს შემოკრული. თუმცა ქანდაკებას ორი დეტალი აკლია, რომელიც შესაძლოა გათხრების, ან ტრანსპორტის დროს განადგურებულიყო.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მილოსის აფროდიტე იყო პრაქსიტელეს ან სკოპას ნამუშევარი, დღეს კი, ექსპერტები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს არის ანტიოქიელი მოქანდაკის – ალექსანდრეს ნამუშევარი.

ქანდაკებას, ვიდრე ის ლუვრის მუზეუმში აღმოჩნდებოდა, მეტად საინტერესო ისტორია უძღვის წინ: ვენერა მილოსელი 1820 წლის 8 აპრილს, შემთხვევით აღმოაჩინეს.
როდესაც თურქეთის მიერ ოკუპირებული, საბერძნეთის ერთერთი კუნძულის- მილოსის მკვიდრი გლეხი გეორგიო კენტროტასი თოხით საკუთარი მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, შემთხვევით ქვის გუმბათს წააწყდა, რომლის ქვეშაც ქანდაკება იყო განთავსებული.
როგორც კი გლეხმა გააცნობიერა, რომ რაღაც ძვირფასსა და ამოუცნობთან ჰქონდა საქმე, მონაპოვარი საკუთარ სახლში გადამალა და გადაწყვიტა, რომ მისი აღმოჩენის საიდუმლო არავისთვის გაემხილა.
მაგრამ საიდუმლო სწრაფად გამჟღავნდა და ქანდაკების აღმოჩენის ამბავმა კონსტანტინოპოლში, საფრანგეთის საკონსულოს აგენტამდე მიაღწია, რომელიც კონსტანტინოპოლში მცურავი ფრანგული ხომალდის ეკიპაჟის წევრი გახლდათ.
აგენტი სახელად დეურვიელი მაშინვე გლეხთან გაემართა.
ნანახით აღფრთოვანებულმა ფრანგმა სასწრაფოდ, კონსტანტინოპოლში მყოფ საფრანგეთის ელჩს აცნობა ქანდაკებისა და მისი ღირებულების შესახებ.
ელჩმა კი, თავის მხრივ ბრძანება გასცა, რომ ფრანგები ქანდაკებას ნებისმიერი გზით უნდა დაპატრონებოდნენ.
ამასობაში ათენის პრეფექტებმა საულიერო პირი, გვარად ვერგი გაგზავნეს კუნძულზე, ქანდაკების თურქული გემით ათენში გადატანის მიზნით.
ვერგისი მილოსზე ჩავიდა და ადგილობრივებიც და მათი ხელისუფლებაც დაარწმუნა, რომ ქანდაკება მისთვის გადაეცათ, თუმცა სწორედ ქანდაკების გემზე ჩატვირთვის დროს, მისდა საუბედუროდ, კუნძულს ფრანგები მოადგნენ…
იარაღის მუქარით, ფრანგმა მეზღვაურებმა ძვირფასი ტვირთი ბერძნებსა და თურქებს ჩამოართვეს და სამხედრო ხომალდში ჩატვირთეს, რომელმაც დაუყოვნებლივ საფრანგეთისაკენ აიღო გეზი…
ამგვარად, 1821 წლიდან ვენერა მილოსელი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი და მთელი ამ ხნის განმავლობაში აღაფრთოვანებს მილიონობით დამთვალიერებელს, რომელიც ყოველწლიურად სტუმრობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმს.
