ანჯელინა ჯოლი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში მარია კალასს თამაშობს
ანჯელინა ჯოლი ითამაშებს ლეგენდარულ ბერძენ-ამერიკელ სოპრანოს მარია კალასს ბიოგრაფიულ ფილმში “მარია”, რომელსაც გადაიღებს ცნობილი რეჟისორი პაბლო ლარეინი, ხოლო სცენარის ავტორია სტივენ ნაითი, რომელიც ახლახანს მუშაობდა ფილმზე “სპენსერი”.
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს და მოგვითხრობს მსოფლიოში უდიდესი საოპერო მომღერლის მღელვარე ცხოვრებას და მისი ცხოვრების ბოლო პერიოდს 1970-იანი წლების პარიზში.
ბიოგრაფიის შესახებ საუბრისას, ფილმის რეჟისორმა თქვა, რომ მისი ორი ყველაზე ღრმა და პირადი ვნების, კინოსა და ოპერის გაერთიანების შანსი მისი დიდი ხნის ნანატრი ოცნება იყო.
„ამის გაკეთება ანჯელინასთან, უაღრესად მამაც და ცნობისმოყვარე მსახიობთან ერთად მომხიბლავი შესაძლებლობა და ნამდვილი საჩუქარია”- აღნიშნა ლარეინმა
ანჯელინა ჯოლი აღფრთოვანებულია მარია კალასის მემკვიდრეობისა და მშფოთვარე ცხოვრების დიდ ეკრანზე გადმოტანით, როგორც ის ამბობს აღნიშნული როლი მას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს და მაქსიმუმს გააკეთებს რათა ამ საპატიო გამოწვევას ღირსეულად გაართვას თავი.
ფილმის სიუჟეტის მთავარი ხაზია მარია კალასის ლეგენდარული სასიყვარულო ურთიერთობა ბერძენ გემების მაგნატ არისტოტელე ონასისთან, რომელიც საბოლოოდ ჯონ კენედის ქვრივზე, ჯეკი კენედიზე დაქორწინდა.
ამერიკაში დაბადებული, ბერძნული წარმოშობის დივა და მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, დაქორწინებული იყო მდიდარ მრეწვეელზე, ჯოვანი ბატისტა მენეგინიზე 1949 წლიდან 1959 წლამდე, თუმცა კალასის ყველაზე თვალსაჩინო ურთიერთობა გემების მაგნატ არისტოტელე ონასისთან ჰქონდა.
ოპერის მომღერალი დაიბადა 1923 წლის 2 დეკემბერს ნიუ-იორკში,თავდაპირველი სახელით სოფია სესილია ანა მარია კალოგეროპულუ, მაგრამ მოგვიანებით მისი გვარი კალასით შეიცვალა.
მარია კალასი თავისი ცხოვრების პირველი ცამეტი წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ამიტომ კარგად ფლობდა ინგლისურს, მაგრამ სახლში მშობლებთან ერთად ბერძნულადაც საუბრობდა.
მოგვიანებით, ის ძირითადად ევროპაში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში 1959 წლიდან 1974 წლამდე კონცერტების ჩასატარებლად.
მარია კალასი პარიზში, საკუთარ სახლში 1977 წლის 16 სექტემბერს, ორმოცდასამი წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
