ზვიგენი, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა მეთევზეებმა დაიჭირეს, გაკვეთისას ტურისტის სხეულის ნაწილები იპოვეს
8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადის ტურისტულ სანაპირო ზოლში 23 წლის რუსი ტურისტი ვლადიმერ პოპოვი ზვიგენმა შეჭამა.
ახალგაზრდა სანაპიროზე მამასთან და შეყვარებულთან ერთად მივიდა და წყალში შესვლის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად, ფაქტიურად წამებში მოხდა.
მაშველების თქმით, მათ ახალგაზრდისკენ მაშინვე გაცურეს, როდესაც ყვირილი გაიგონეს, მაგრამ დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა.
ტრაგედიას 23 წლის მაშველი მოჰამედი შეესწრო. ხუთშაბათს ის კოლეგებთან ერთად სანაპიროზე მორიგეობდა. მისი თქმით, იმ დღეს საცურაო პირობები იდეალური იყო.
“როდესაც მისკენ მივცურავდი, წყალი წითლად შეიღება. მერე დავინახე, რომ მას ხელი აღარ ჰქონდა. შემდეგ კი ზვიგენი გამოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. იქვე ახლოს ქალი ცურავდა. მისი ნავში ჩასმა და ნაპირზე გამოყვანა მოვახერხეთ, შემდეგ კი ისევ გავცურეთ მამაკაცისკენ. ამ ინციდენტის შემდეგ ტრავმირებული ვარ, მას შემდეგ არ მძინებია და ნორმალურად ვერ ვაზროვნებ, ”- იხსენებს მაშველი.
ადგილზე დაბრუნებულ მაშველს ზვიგენი იქ აღარ დახვდა, თუმცა მოგვიანებით ის დაიჭირეს.
“თავდაპირველად გვეგონა, რომ ორსული მდედრი ზვიგენი იყო, რადგან მას უზარმაზარი მუცელი ჰქონდა. როდესაც გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ”, – განაცხადეს მედიასთან მეთევზეებმა.
ზვიგენი ორმა ადგილობრივმა მეთევზემ ბადით დაიჭირა. ერთ-ერთი მათგანი, ჰამიდი მედიასთან ჰყვება, რომ მტაცებლის ნაპირზე გამოყვანაში 15 ადამიანი დაეხმარა.
ვლადიმერ პოპოვის მამა აღიარებს, რომ მისი შვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო. გარდაცვლილის მეგობრის სარა მერეშკოვას თქმით კი, ინციდენტი ნაპირიდან 30 მეტრში მოხდა და ეს იყო ცურვისთვის ნებადართული ზონა. იქვე იყო წყლის ატრაქციონები, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად თამაშობდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარში თავად ტურისტები არიან დამნაშავე, რადგან თევზის გამოკვება არ შეიძლება, ეს იზიდავს დიდ მტაცებლებს.
მომხდარი დამსვენებლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეგვიპტის კურორტები, ჰურგადა და შარმ ელ-შეიხი, წლებია რაც რუსებისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ადგილია. მათ დიდი არჩევანი აღარც აქვთ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ.
სანაპიროს გასწვრივ წყალში უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც, ისინი მთელი ძალით გამორბოდნენ ნაპირისკენ.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მაგრამ ახალგაზრდის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
პოპოვის მამა ეგვიპტეში შვილის ცხედრის კრემაციას და მისი ფერფლის რუსეთში გადატანას გეგმავს.
ადგილობრივები შეშინებულები არიან, მათი აზრით, ტურიზმის სამინისტრო თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. ისინი იხსენებენ იგივე ადგილას მომხდარ სხვა ინციდენტსაც, კერძოდ შარშან მომხდარ ტრაგედიას, როდესაც ჰურგადაში ავსტრიის 68 წლის მოქალაქეს ზვიგენი დაესხა და ხელსა და ფეხზე უკბინა. დაზარალებულმა შეძლო წყლიდან გამოსვლა, მაგრამ ქალი ვერ გადაარჩინეს – ის საავადმყოფოში შოკისგან გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტაცებლის ერთადერთი მსხვერპლი, ცნობილი გახდა ასევე კბენით გარდაცვლილი რუმინეთის 44 წლის მოქალაქის შესახებ, რომლის ცხედარი რიფზე იპოვეს.
რა არის ზვიგენების ასეთი აგრესიული ქცევის მიზეზი?
ერთ-ერთი ვერსიით, მუსულმანური დღესასწულების მოახლოებისას ვაჭრებს ათიათასობით შესაწირი ცხვარი და ძროხა წყლით გადაჰყავთ. გზაში გარდაცვლილ ცხოველებს კი დაუფიქრებლად ყრიან წყალში, რაც ზვიგენებს სანაპიროსკენ იზიდავს.
მეორე ვერსიით, მოგზაურები სპეციალურად აჭმევენ ზვიგენებს ხორცს, რათა ისინი ნაპირისკენ მოიზიდონ და შემდეგ ფოტოები გადაუღონ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰურგადას სანაპიროსთან ცურვა და დაივინგი ორი დღით აკრძალა. ამჟამად აკრძალვა უკვე მოხსნილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ტურისტებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.
