შეხვედრა ატიკის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლებთან — ხანძრების პრევენციის ზომების გაძლიერება იგეგმება
შეხვედრა ატიკის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლებთან — ხანძრების პრევენციის ზომების გაძლიერება იგეგმება
საბერძნეთის კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ევანგელოს ტურნასმა, შეხვედრა გამართა ატიკის ყველა მუნიციპალიტეტის სამოქალაქო დაცვის ვიცე-მერთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო მიწის ნაკვეთებისა და ეზოების გაწმენდის კოორდინაცია, კონტროლის მექანიზმები და სანქციების აღსრულება ხანძარსაშიში სეზონის პიკის დადგომამდე.
მინისტრის განცხადებით, ქვეყანა რთულ პერიოდს უახლოვდება, რადგან მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურები, გვალვა და ძლიერი ქარები, ხოლო გაზაფხულის უხვი ნალექების შედეგად გაზრდილია მშრალი მცენარეული მასა, რაც ხანძრის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
1 მაისიდან დღემდე საბერძნეთში 803 ხანძარი დაფიქსირდა. ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც გაუფრთხილებლობით, ისე განზრახ გამოწვეული ხანძრების პრევენციას. ამ მიზნით გაძლიერებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურები და გამოიყენება 108 დრონი, მათ შორის 33 დედაქალაქში.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთების გაწმენდისა და შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის საბოლოო ვადაა 22 ივნისი და მისი გადავადება აღარ მოხდება. 23 ივნისიდან მუნიციპალიტეტები დაიწყებენ მასობრივ შემოწმებებს და ჯარიმების დაკისრებას.
სანქციები:
- 500 ევრო — იმ შემთხვევაში თუ მიწისნაკვეთი არ გაიწმინდა და შესაბამისად არ არის შევსებული დეკლარაცია;
- 100 ევრო — გაწმენდის მიუხედავად დეკლარაციის არშეტანისთვის;
- 5 000 ევრო და მინიმუმ 6 თვიანი პატიმრობა — ცრუ დეკლარაციის წარდგენისთვის.
მინისტრმა მოუწოდა მუნიციპალიტეტებსა და მოქალაქეებს, გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები, რადგან ხანძრების რაოდენობისა და საწვავი მასალის შემცირება ადამიანების, ქონებისა და გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
