საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში
საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში
2026 წლის სექტემბრიდან საბერძნეთის 13 საჯარო სკოლაში პირველად ამოქმედდება საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა. პროექტში ჩაერთვებიან საპილოტე, ექსპერიმენტული, მუსიკალური და სამხატვრო სკოლები.
აქამდე IB მხოლოდ კერძო სკოლებში იყო ხელმისაწვდომი და ძირითადად იმ მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც სწავლას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში გეგმავდნენ. ახლა ეს შესაძლებლობა საჯარო განათლების სისტემაშიც გაჩნდება.
IB-ის პროგრამა ტრადიციული სასწავლო მოდელისგან განსხვავდება. მოსწავლეები მხოლოდ საბოლოო გამოცდებით არ შეფასდებიან. ორი წლის განმავლობაში მათი აკადემიური პროგრესი, კვლევითი უნარები, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა და სოციალური აქტივობაც შეფასების ნაწილი იქნება.
საბერძნეთის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის დანერგვის მიზანია საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და იმ მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მომავალში უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.
ამასთან, IB-ის დასრულება საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტებში ავტომატურ მიღებას არ ნიშნავს. საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვა კვლავ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად მოხდება.
