კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება
კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება
საბერძნეთში კურიერით ამანათების მიღებისას გადახდის წესის შეცვლა იგეგმება. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ ამანათის ჩაბარებისას გადახდა სავალდებულოდ ელექტრონული გზით განხორციელდეს: საბანკო ბარათით ან ელექტრონული ბანკინგის საშუალებით.
ცვლილება ძირითადად ეხება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთებს (αντικαταβολή), როდესაც მომხმარებელი შეკვეთის საფასურს ამანათის მიღების მომენტში იხდის.
სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანია ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება, ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის გაზრდა და ელექტრონული გადახდების კიდევ უფრო გაფართოება.
კანონპროექტზე საჯარო კონსულტაცია 22 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. მთავრობის გეგმით, კანონპროექტი პარლამენტში ნოემბრის პირველ კვირაში უნდა შევიდეს განსახილველად და კენჭისყრისთვის.
