დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
საბერძნეთში პელასა და იმათიას რეგიონებში დეფორმირებული ატმის პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ბოლო ოთხი-ხუთი წელია, დაავადების ან მავნებლის შესაძლო ზემოქმედება ატმის მოსავალს აზიანებს და ფერმერებს მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოსავალი ამ დრომდე არ არსებობს, რის გამოც სულ უფრო მეტი მწარმოებელი იძულებულია შემოსავლის დასაცავად სხვა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მოყვანაზე გადავიდეს.
როგორც საბერძნეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ ERT-ს ვერიის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ტასოს ხალკიდისმა განუცხადა, პრობლემის გამომწვევი მიზეზი ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, ატმის დეფორმაციას ტკიპის სახეობა იწვევს, რომელიც ხეებში ვრცელდება. თუმცა, როგორც ფერმერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხერხდება.
მისი თქმით, მწარმოებლებს უნივერსიტეტისგან ჯერ არ მიუღიათ მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემას: „პრობლემა გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე ცხვრის ყვავილი, რომელსაც მეცხოველეები ებრძვიან“, – განაცხადა ხალკიდისმა და ხაზი გაუსვა პელასა და იმათიას რეგიონებში ატმის წარმოებისთვის არსებულ საფრთხეს.
ფერმერები შიშობენ, რომ თუ პრობლემის გამომწვევი მიზეზი დროულად არ დადგინდება და ბრძოლის მეთოდი არ შემუშავდება, ატმის სექტორი მძიმე ეკონომიკური ზარალის წინაშე აღმოჩნდება.
