Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს
ბერძნული კომპანია “Ελληνικό Μετρό”, რომელსაც მეტროს ახალი ხაზების გაყვანის სამუშაოები აქვს აღებული, აცხადებს, რომ კიფსელის მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ და კორპუსების დაცლის საჭიროება არ არსებობს, რადგან ამ ეტაპზე ჩატარებული ტექნიკური შეფასებებით შენობების უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ დასტურდება.
კომპანიამ აღნიშნული დასკვნა ათენის მერს, ხარის დუკასს გაუგზავნა. მისი განმარტებით, საბერძნეთის ტექნიკური პალატის (ΤΕΕ) ექსპერტების მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და შეფასებების საფუძველზე, შენობების მდგომარეობა მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას არ საჭიროებს.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული შენობების დეტალური შემოწმება, არსებული პრობლემების შეფასება და უსაფრთხოების დაუყოვნებელი ზომების განსაზღვრა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კონტრაქტორი კომპანია შენობების საბოლოო აღდგენას უზრუნველყოფს.
„Ελληνικό Μετρό“-ს განმარტებით, მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი სახლებიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხასიათი ბინებში მათ დარჩენას შეუძლებელს გახდის ან შემდგომი შემოწმების შედეგად უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ ათენის მერმა ხარის დუკასმა მანამდე მოითხოვა კიფსელზე მდებარე ე.წ. „წითელი სტატუსის“ მქონე მრავალბინიანი სახლების ყველა მცხოვრების დაუყოვნებლივი დროებითი გადაყვანა უსაფრთხო საცხოვრებლებში. მისი მოთხოვნით, აღნიშნული ხარჯები თავად „Ελληνικό Μετρό“-სა და პროექტის სამშენებლო კომპანიას უნდა აენაზღაურებინათ. თუმცა კომპანიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება მისი მთავარი პრიორიტეტია და მოუწოდებს მოქალაქეებს სიმშვიდისა და შესაბამისი ტექნიკური ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებისკენ.
