სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სალონიკი საშობაო დღესასწაულებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე სადღესასწაულო განათებები, გიგანტური ნაძვის ხეები, დეკორატიული ჭაღები და საშობაო სოფლები გაშენდება. ღონისძიებები 2 დეკემბრიდან 2027 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება.
წელს განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის მთავარ ქუჩას, ციმისკის გამზირს დაეთმობა, სადაც პირველად განთავსდება დიდი შუშის ჭაღები. არისტოტელეს მოედანზე კი ტაქსიარხისიდან ჩამოტანილი ნაძვის ხე დაიდგმება, რომლის საზეიმო განათების ღონისძიებაც 2 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ალკისტის პროტოფსალტისისა და ნიკოს პორტოკალოღლუს უფასო კონცერტი გააფორმებს.
არისტოტელეს მოედანზე, 9 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, საშობაო სოფელი იმუშავებს. სტუმრებს 56 ხის სახლი დახვდებათ, სადაც სადღესასწაულო ნივთები, საკვები და სასმელი გაიყიდება. მოეწყობა ყინულის მოედანი, კარუსელი და სხვადასხვა გასართობი სივრცე ბავშვებისა და უფროსებისთვის.
საშობაო ღონისძიებები ქალაქის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება:
- პავლოს მელასის პარკში ნაძვის ხის განათების ცერემონია 7 დეკემბერს იგეგმება, კონცერტითა და საბავშვო ღონისძიებებით.
- კალამარიაში 5 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებას კოსტას მარაველიასის კონცერტი და „თეთრი ღამე“ დაემთხვევა. მაღაზიები შუაღამემდე იმუშავებს.
- პილაიაში 4 დეკემბრიდან გაიხსნება საშობაო სოფელი „ჯადოსნური ქალაქი“.
- ევოზმოსა და კორდელიოში გაიმართება ნაძვის ხეების ანთების ცერემონიები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
- ორეოკასტროში 4 დეკემბერს მოეწყობა დიდი საშობაო ზეიმი „ანგელოზების მოსვლა“.
განსაკუთრებული პროგრამაა დაგეგმილი თერმაშიც, სადაც 27 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საშობაო ღონისძიებები 17 დასახლებაში გაიმართება.
წელს სალონიკი და მისი შემოგარენი სადღესასწაულო სივრცედ გადაიქცევა, სადაც კონცერტები, ბაზრობები, საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მთელი დეკემბრისა და იანვრის დასაწყისის განმავლობაში ადგილობრივებსა და ტურისტებს უმასპინძლებს.
