დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება
დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება
საბერძნეთში დეკემბრიდან ჯანდაცვის სფეროში ახალი ციფრული სერვისი ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ციფრული ასისტენტი თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება MyHealth-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, მოგვიანებით კი მოქალაქეები მის გამოყენებას ახალი საინფორმაციო პორტალის 1566-ის მეშვეობითაც შეძლებენ.
ახალი სერვისი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის ისტორიისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ.
კერძოდ, ციფრული ასისტენტის საშუალებით შესაძლებელი იქნება:
- ელექტრონული რეცეპტებისა და დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მიღება;
- დაგეგმილი სამედიცინო ვიზიტებისა და ექიმთან ჩაწერილი შეხვედრების გადამოწმება;
- პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის ნახვა;
- ჩატარებული და დაგეგმილი ვაქცინაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.
აღნიშნული მონაცემები უკვე თავმოყრილია MyHealth-ის აპლიკაციაში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საჭირო ინფორმაცია მობილურ ტელეფონში აქვთ ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაუმარტივდება მოსახლეობას სამედიცინო ინფორმაციის მოძიება და მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებზე სწრაფი წვდომა ექნებათ.
