საბერძნეთში მომაკვდინებელი სოკოს კანდიდას შემთხვევების რიცხვი იზრდება-უკავშირდება თუ არა ის კორონავირუსს
ბოლო პერიოდში საბერძნეთის საავადმყოფოებში საგრძნობლად მატულობს სოკოს candida auris-ის გავრცელება, ერთ-ერთი პათოგენის, რომელიც პასუხისმგებელია ნოზოკომიურ ინფექციებზე. კრიტზე, ხანიას ჰოსპიტალში იზოლირებულად განთავსებულ პაციენტში აღმოჩენილი კანდიდა აურისის შემთხვევა მზარდი საფრთხის არსებობას ადასტურებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანიის საავადმყოფოში პაციენტს პირველივე წუთიდან იზოლირებულად მკურნალობდნენ. სპეციფიკური სოკო გამოვლინდა მისი საავადმყოფოში მიყვანის დღესვე. მყისიერად განხორციელდა შესაბამისი პროტოკოლი და ინფექციური კომიტეტის დავალებით გატარდა ნოზოკომიური ინფექციების შესახებ დადგენილი ზომები.
ბოლო მოხსენების თანახმად, ქვეყანაში კანდიდა აურისის სოკოთი გამოწვეული გარდაცვალების 122 შემთხვევა დაფიქსირდა, პერიოდი 2019 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა Candida Auris-ით დაინფიცირების 429 შემთხვევა ქვეყნის 45 საჯარო და კერძო საავადმყოფოებში, რომელთაგან 27 (60%) ატიკას რეგიონშია.
ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ საბერძნეთი ნოზოკომიური ინფექციების მხრივ ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია.
რას ნიშნავს ნოზოკომიური ინფექცია-ეს ნიშნავს, რომ ძირითადად ავადდებიან ისინი, ვინც საავადმყოფოებშია. დაინფიცირებისათვის საკმარისია სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრა და ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება დიდი ხნის განმავლობაში.
ინფექციონისტების განმარტებით Candida auris არის საფუარის მსგავსი გამომწვევი აგენტი და ითვლება იდეალურ პათოგენად. ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინფექცია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იყოს აქტიური სხვადასხვა ზედაპირზე.
სოკოს დიაგნოსტიკა ლაბორატორიული მეთოდებით ადვილი არ არის, რადგან მის გამოსავლენად სპეციალური ტექნიკური საშუალებებია საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ პათოგენის ზოგიერთმა შტამმა აჩვენა რეზისტენტულობა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ყველა სერიის მიმართ, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია.
მისი სიმპტომებია:
ტაქიკარდია;
არტერიული წნევის არასტაბილურობა;
თირკმლის დაზიანება;
სუნთქვის პრობლემები;
სისუსტე და ძილიანობა;
მოძრაობის სირთულეები;
რეპროდუქციული ორგანოების დაზიანება;
კუჭის დისკომფორტი.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფექციის მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ადამიანები, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს დაავადება, რომელმაც იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია, აქედან გამომდინარე ძირითადად ავადდებიან ისინი, ვინც საავადმყოფოებშია.
ექიმების აზრით, დაავადების გავრცელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოვიდ პაციენტებში ანტიბიოტიკების დიდი ოდენობით მოხმარებასთან. დაავადება ვლინდება ექსკლუზიურად კონკრეტულ ადამიანში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ანტიბიოტიკებით. კორონავირუსის დროს ბევრ პაციენტს ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია და ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას, ასუსტებენ ორგანიზმს და ქმნიან შესანიშნავ პირობებს საშიში სოკოთი ინფიცირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი კანდიდოზთან გამკლავება საკმაოდ ადვილია, ინფექციის ვარიანტი, რომელიც გამოწვეულია კანდიდას ეგზოტიკური ვერსიებით, უკიდურესად რთულად განკურნებადია, აღნიშნავენ სპეციალისტები.
თუმცა, პანდემიის საშიშროება Candida aureu-სთან დაკავშირებით არ არდებობს. ის არ გადადის კლასიკური მეთოდებით: საყოფაცხოვრებო საშუალებებით, ჰაერწვეთოვანი გზით, ჭურჭლით ან საკვებით, განმარტეს ექიმებმა.
ანტიბიოტიკები, რომელთა მიმართაც დაავადება მგრძნობიარეა, ხელმისაწვდომია, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია. ექინოკანდინები და პრობიოტიკები რეკომენდებულია როგორც პირველი რიგის თერაპია, მაგრამ კომბინირებული თერაპია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად უფრო პერსპექტიულია.
მკურნალობის ხანგრძლივობა ყველა პაციენტისთვის განსხვავებულია. ამასთან, თუ ექიმები არასწორ თერაპიას აირჩევენ, სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია C. auris-ის ადრეული ამოცნობა ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რათა დაუყოვნებლივ იქნას მიღებული სიფრთხილის სპეციალური ზომები მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
