Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პლაკა: აფეთქების შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის გარდაცვლილთა სავარაუდო ოჯახის წევრები დაიბარეს

პლაკა: აფეთქების შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის გარდაცვლილთა სავარაუდო ოჯახის წევრები დაიბარეს

ათენის ისტორიულ ცენტრში, პლაკაზე მოხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა სავარაუდო ოჯახის წევრები ათენის სასამართლო-სამედიცინო სამსახურში დაიბარეს. მათ შესაბამისმა უწყებებმა უკვე მოუწოდეს საბერძნეთში ჩასვლისკენ, რათა ჩააბარონ გენეტიკური მასალა და დნმ-ის შედარების გზით დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი დასრულდეს.

ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ხანძრის დანაშაულების გამოძიების სპეციალიზებული ჯგუფი. ექსპერტები ნანგრევებს დეტალურად ამოწმებენ და აგროვებენ ყველა მასალას, რომელიც აფეთქების მიზეზისა და მოვლენების განვითარების დადგენაში დაეხმარება გამოძიებას.

გამოძიების მთავარი ყურადღება მიმართულია შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინისკენ, სადაც ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ეს იყო ერთადერთი ბინა შენობაში, რომელსაც ბუნებრივი აირის მიწოდება ჰქონდა. გაზს სამზარეულოს, ბუხრისა და გამათბობლისთვის იყენებდნენ. თუმცა ოფიციალური გამოძიების დასრულებამდე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად რჩება.

სპეციალისტები ასევე იკვლევენ აფეთქების, ხანძრისა და შენობის ჩამონგრევის თანმიმდევრობას. პარალელურად შემოწმდება მეზობელი შენობების მდგრადობაც, რადგან აფეთქების ტალღამ მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

დაღუპულთა შორის არიან ფლორიდა ხოძა და მისი მეუღლე იან ალექსანდერ კირკპატრიკი, რომლებიც საბერძნეთში თაფლობის თვის გასატარებლად იმყოფებოდნენ. მათთან ერთად დაიღუპნენ ერის ჩანი და ფლორინ ხოძა, ფლორიდას ძმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერის ჩანი და ფლორინ ხოძა შვილს ელოდებოდნენ.

ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლი იყო შენობის მეორე სართულზე მცხოვრები ხანდაზმული წყვილი ათინა პაპარესკუ და 77 წლის ედმონდ ჰინგსი.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ოფიცერთა კავშირის პრეზიდენტის, კოსტას ციგასის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული სურათით, თავდაპირველად აფეთქება მოხდა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა, რამაც საბოლოოდ შენობის ჩამონგრევა გამოიწვია. მისი თქმით, აფეთქების ყველაზე ძლიერი დარტყმა მეორე სართულზე მოხდა.

ამასთან, ციგასმა აღნიშნა, რომ აფეთქების ზუსტი მიზეზის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. ექსპერტები ამოწმებენ ბუნებრივი აირის მილებს, სხვა საინჟინრო სისტემებსა და შენობის სამშენებლო მასალებს.

გამოძიება ათენის პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს. საბოლოო პასუხს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია პლაკაზე მომხდარი აფეთქება და შენობის ჩამონგრევა, ექსპერტიზისა და გამოძიების დასკვნა გასცემს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *