ავღანელმა ქალებმა მიწისძვრის დროს სახლიდან ჰიჯაბის გარეშე გასვლას ცოცხლად დამარხვა არჩიეს
ავღანეთში 7 ოქტომბრის 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ასობით ავღანელი ქალი ცოცხლად დაიმარხა საკუთარი სახლების ნანგრევებში, რადგან ჰიჯაბის გარეშე სახლიდან გასვლის მეტად შეეშინდათ, ვიდრე მიწისძვრის.
მიწისძვრამ, რომელმაც დასავლეთ ავღანეთს დაარტყა, 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. თალიბანის დირექტივით სამაშველო სამუშაოები შეფერხდა, რადგან იკრძალება უცნობი ქალებისა და მამაკაცების ერთმანეთთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.
ერთ-ერთმა მაშველმა ქალმა ანონიმურად განაცხადა პრესასთან, რომ წარმოუდგენელი წესები ხელს უშლიდა მამაკაც მაშველებს დხმარებოდნენ ხაფანგში მოყოლილ ქალებს, რადგან მათ არ იცნობდნენ. შედეგი იყო დაღუპულ ქალთა რიცხვის ზრდა.
გაეროს დახმარების სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ჰერატში დაღუპულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ, რადგან ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ მიწისძვრის დროს.
გაეროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ თუ მიწისძვრა ავღანეთში ღამით მოხდებოდა, დაღუპულთა შორის გენდერული დისბალანსი უფრო მცირე იქნებოდა, რადგან მამაკაცები სამუშაოს ნაცვლად სახლში იქნებოდნენ. ქალები სულ უფრო მეტად იკეტებიან საკუთარ სახლებში, რადგან თალიბებმა დააწესეს ძალიან მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ და რისი გაკეთება არ შეუძლიათ ქალებს ბოლო ორი წლის განმავლობაში.
გაერომ ასევე გამოავლინა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რამდენიმე ქალს არ შეეძლო დახმარებაზე წვდომა მამაკაცი ნათესავის იდენტიფიკაციის გარეშე.
