ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად რეგიონებიდან ჩარიცხული 10 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას
ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად რეგიონებიდან ჩარიცხული 10 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას
ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონებიდან ჩარიცხული ჯამში 50 სტუდენტისთვის სტიპენდიას გასცემს. ინიციატივა ძალაში ახალი სასწავლო წლიდან შევა.
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 10 სტუდენტი შეირჩევა, ხოლო ხუთი წლის ბოლოს სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 50-ს მიაღწევს. თითოეული ბენეფიციარი ოთხწლიანი სწავლის განმავლობაში ჯამში 26 000 ევროს მიიღებს. სტიპენდია ყოველწლიურად განახლდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.
დეპარტამენტის თავმჯდომარის, იანის ნიკოლაუს განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ შეეზღუდოთ გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორების გამო. მისი თქმით, რეგიონებიდან ათენში სასწავლებლად გადასვლა ბევრ ოჯახს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება, ხოლო ეს სტიპენდია არაერთი სტუდენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების რეალურ შესაძლებლობას შექმნის.
პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ საბერძნეთის რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით მოხვდებიან. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება სამი ძირითადი კრიტერიუმი: მაღალი აკადემიური შედეგები, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და სოციალური მოწყვლადობა, მათ შორის ერთმშობლიანი ოჯახი, მშობლის გარდაცვალება, შეზღუდული შესაძლებლობა ან მრავალშვილიანობა.
სტიპენდიების პროგრამა უნივერსიტეტსა და კომპანია „პაპასტრატოსს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, FutuReadyGreece-ის ინიციატივის ნაწილია. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებებს, პროფესიული განვითარების პროგრამებს და ერთობლივ კვლევით პროექტებს.
