სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს
სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს
სალონიკში MDMA-ს ზემოზმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე მისი 20 წლის მეგობარი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სალონიკში ელექტრონული მუსიკის წვეულებაზე ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს მიღების შემდეგ გარდაიცვალა.
პროკურორმა დაკავებულს ბრალი წარუდგინა სასიკვდილო შედეგის გამომწვევი საფრთხის შექმნისთვის. მას ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენაში, ფლობასა და მოხმარებაში.
პროკურატურამ ამ დრომდე გამოძიებისთვის დაუდგენელი პირების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით. საუბარია ნივთიერებებზე, რომლებმაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი ან გამოიწვიოს სიკვდილი. გამოძიება ცდილობს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ახალგაზრდებს აღნიშნული ნივთიერება მიჰყიდა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს, გამთენიისას, ღონისძიებების მსვლელობის სივრცეში მოხდა. 20 წლის გოგონამ გონება დაკარგა და სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის იმავე დილით, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
საქმეზე 20 წლის ბიჭი თერმის დანაშაულთა გამოძიების განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, რათა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებები და გამოავლინოს პირი, რომელმაც ნარკოტიკული ნივთიერება ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შეიტანა.
