კვლევის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი რობოტი იკვლევს სანტორინი-ამორგოსის წყალქვეშა არეალს
1956 წლის 9 ივლისს საბერძნეთის კუნძულებს- ამორგოსს, ანიდროსსა და ანაფს შორის ზღვის ზონაში დამანგრეველი, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მოკლე დროში ასევე რიხტერის შკალით 7,2 სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა კუნძულ სანტორინის მახლობლად.
მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა კი დატბორა სანაპიროები ფოლეგანდროდან თურქეთამდე, ხოლო ზღვის ტალღებმა ამორგოსში 20 მეტრამდე მიაღწია.
ამ დრომდე მიწისძვრის ეპიცენტრი და რღვევის ხაზები ცნობილი არ იყო, იმ დროისთვის არსებულმა კვლევის შეზღუდულმა შესაძლებლობებმა ვერ შეძლო სრულად გამოევლინა რა მოხდა სინამდვილეში და დაედგინა მიწისძვრის ეპიცენტრის ზუსტი მდებარეობა.
მას შემდეგ გავიდა სამოცდაშვიდი წელი და დღეს საერთაშორისო ოკეანოგრაფიული ექსპედიცია დახვეწილი რობოტის დახმარებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია ბოლო ასწლეულის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შესახებ.
წინა ოკეანოგრაფიული ექსპედიციების დროს ჩატარდა გეოფიზიკური კვლევები, სადაც დაფიქსირდა ზღვის ფსკერის მორფოლოგია სანტორინის, ამორგოსის, ანაფისა და ასტიპალიას შორის და გამოვლინდა სამი წყალქვეშა ხარვეზი ერთმანეთის პარალელურად, 70 კილომეტრის მანძილზე, მაქსიმალური სიღრმე 750 მეტრი.
საერთაშორისო ჯგუფი აწარმოებს წყალქვეშა კვლევებს იმავე ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში, რათა ნათელი მოეფინოს მექანიზმს, რომელმაც გამოიწვია დამანგრეველი მიწისძვრა და შემდგომი ცუნამი.
გუნდში შედიან ათენის ეროვნული და კაპოდისტრიას უნივერსიტეტის გეოლოგიისა და გეოგარემოს კათედრის ასოცირებული პროფესორი ევი ნომიკოსი, ასევე მეცნიერები საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტებიდან.
მათ კვლევაში ღირებული ასისტენტია Ariane-ის რობოტი, მექანიზმი რომელსაც აქვს უნარი ჩაყვინთოს 2500 მეტრამდე სიღრმეზე და იქ დარჩეს ექვს საათამდე ყოველი ჩაყვინთვისას.
მისი 4K კამერები იწერენ ზღვის ფსკერის მორფოლოგიას და მკვლევარებს საშუალებას აძლევს დაინახონ და შეისწავლონ რელიეფი წამში 0,5 მეტრი მაქსიმალური სიჩქარით.
რობოტი აღჭურვილია ორი მექანიკური მკლავით, მას ასევე შეუძლია ნალექის შეგროვება 30 სმ სიგრძის მილებში, შეგროვებული ნალექი მასალა ეხმარება მკვლევარებს წყალქვეშა რელიეფის დათარიღებაში.
კვლევისთვის არიანემ ცხრაჯერ ჩაყვინთა სულ 26 საათის განმავლობაში და გაიარა 13 კილომეტრი ამორგოსის რღვევის ზონისა და სხვა ხარვეზების შესასწავლად, გადაიღო ათასობით ფოტო, რომლებიც გამოყენებული იქნება 3D მოდელების შესაქმნელად, რომლებიც დაეხმარება მეცნიერებს ზღვის ფსკერის დეფორმაციის გაზომვაში.
კვლევაში ასევე მონაწილეობდა ფრანგული ოკეანოგრაფიული ხომალდი „L’ Europe“, რომელიც აღჭურვილია მრავალზოლიანი რუკების სისტემით სანაპირო რაიონებში წყალქვეშა მორფოლოგიის ჩასაწერად.
“L’ Europe” აგროვებდა ბათიმეტრულ მონაცემებს ანაფის და ამორგოსის სანაპირო ზონაში. მოპოვებული მაღალი გარჩევადობის ბათიმეტრიული მონაცემები გამოყენებული იქნება 1956 წლის ცუნამის გავრცელების მოდელირებაში, რათა უკეთ იქნეს გაგებული მისი წარმოქმნის მექანიზმი.
გარდა ამისა, მკვლევარებმა გამოავლინეს რამდენიმე წყალქვეშა მეწყერი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს 1956 წლის მიწისძვრასთან.
ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება და ინტერპრეტაცია, რათა შეიქმნას წარსული მოვლენების უკეთესი სურათი და უკეთ იქნეს შესწავლილი მომავალში საბერძნეთის წყალქვეშა, გეოდინამიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა.
