25 მარტი- საბერძნეთი რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს
საბერძნეთის რევოლუციის გმირების ხსოვნას დღეს ატიკის ყველა მუნიციპალიტეტი აღლუმებითა და ღონისძიებებით მიაგებს პატივს.
სამი დღის განმავლობაში, პანდემიისა და ორწლიანი შემაკავებელი ზომების შემდეგ, მუნიციპალიტეტები ეროვნულ დღესასწაულებს კვლავ აღნიშნავენ.
კვირეულის დასაწყისიდანვე ქალაქები ლურჯ-თეთრ ფერებში შეიმოსა მას შემდეგ, რაც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ქუჩები, სკვერები, მუნიციპალური შენობები, საყოველთაო ეროვნული დროშებით გააფორმა.
გამოცხადდა ღონისძიებების სრული პროგრამა, რომელიც დღეს გამთენიისას, ტაძრებში ზარების რეკვით დაიწყო,რადგან ასევე აღინიშნება ღვთისმშობლის ხარების საეკლესიო დღესასწაულიც. ტაძრებში ოფიციალური ღვთისმსახურების შემდეგ გვირგვინებით შეამკობენ თითოეული მუნიციპალიტეტის ძეგლს,
რასაც მოყვება მერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო გამოსვლა და ეროვნული ჰიმნის დაკვრა.
ღონისძიებების კულმინაცია იქნება ახალგაზრდების, სკაუტების, ადგილობრივი და სპორტული კლუბების აღლუმები, რომლებიც დაგეგმილია 11 საათზე, ზოგიერთ ქალაქში კი 12 საათზე.
ასევე შაბათ-კვირას რამდენიმე მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებები გაიმართება.
მაგალითად, აგიოს დიმიტრიოს მუნიციპალიტეტი მასპინძლობს ილიას პერგანტისის ფოტოგამოფენას სახელწოდებით “1821” , სადაც სხვადასხვა რეგიონში საბერძნეთის რევოლუციის და სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ამსახველი ფოტოების საშუალებით დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ცნობილ ისტორიულ მოვლენებს ფოტორეალისტური სახით და 1821 წლის წინა და შემდგომ პერიოდის, ასევე ოსმალეთის უღლისაგან განთავისუფლების ამსახველ ფოტო მასალას.
გამოფენა ღიაა საზოგადოებისთვის და გაგრძელდება 31 მარტამდე.
