საბერძნეთი: უმუშევრებისთვის ახალი დასაქმების პროგრამა იწყება
საბერძნეთი: უმუშევრებისთვის ახალი დასაქმების პროგრამა იწყება
საბერძნეთის დასაქმების სახელმწიფო სამსახური (ΔΥΠΑ) იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებში 1 000 უმუშევარი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე დასაქმდება. ინიციატივის მიზანი სპეციალისტების შრომის ბაზარზე დაბრუნებაა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 25-დან 54 წლამდე ასაკის უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური განათლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ΔΥΠΑ-ს უმუშევართა ციფრულ რეესტრში არიან რეგისტრირებული.
დასაქმებულები გაფორმდებიან სრულ განაკვეთზე 12-თვიანი ხელშეკრულებით, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი წლით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, პროგრამა მაქსიმუმ 24 თვიანი დასაქმების შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს.
ყოველთვიური ანაზღაურება 1 250 ევროს შეადგენს, ხოლო სოციალური დაზღვევის შენატანებს სრულად ΔΥΠΑ დაფარავს.
პროგრამა განსაკუთრებით მოთხოვნად პროფესიებზეა ორიენტირებული. მათ შორის არიან ინჟინრები, ეკონომისტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტები და ადმინისტრაციული თანამშრომლები.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე ექნებათ ΔΥΠΑ-ს ყოფილ დასაქმების კონსულტანტებს, რომელთა კონტრაქტები 2026 წლის 30 ივნისს დასრულდა და აღარ გაგრძელდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ პირობებს აკმაყოფილებენ.
განაცხადების მიღების დაწყების თარიღი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
