ჩემი სახლი 3 – საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიცემა
ჩემი სახლი 3 – საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიცემა
საბერძნეთში ახალი საბინაო პროგრამა „ჩემი სახლი 3“ 2026 წლის დეკემბრის ბოლოს ან 2027 წლის იანვრის დასაწყისში ამოქმედდება. პროგრამის მიზანია, დაახლოებით 20 000 ახალგაზრდას, წყვილსა და ოჯახს პირველი საცხოვრებლის შეძენაში დაეხმაროს.
პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიარდი ევრო იქნება. წინა პროგრამასთან შედარებით, იზრდება როგორც ბენეფიციართა ასაკობრივი და შემოსავლის ზღვარი, ისე სესხისა და უძრავი ქონების მაქსიმალური ღირებულება.
ვის შეეძლება სარგებლობა და რა პირობებით?
- ასაკი: ზედა ზღვარი 50-დან 55 წლამდე იზრდება.
- სესხი: მაქსიმალური თანხა 190 000-დან 230 000 ევრომდე იზრდება.
- საცხოვრებლის ღირებულება: მაქსიმუმ 300 000 ევრო, წინა პროგრამის 250 000 ევროს ნაცვლად.
- დაფინანსება: სესხმა შესაძლოა საცხოვრებლის ღირებულების 90% დაფაროს, დარჩენილი 10% კი მყიდველმა საკუთარი სახსრებით უნდა გადაიხადოს.
რა იქნება შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი?
- დაუქორწინებელი პირებისთვის წლიურად 25 000 ევრო;
- დაქორწინებული წყვილებისთვის 35 000 ევრო, დამატებით 7 000 ევრო თითოეულ ბავშვზე;
- მარტოხელა მშობლებისთვის 39 000 ევრო, დამატებით 7 000 ევრო თითოეულ ბავშვზე.
ოთხზე მეტი შვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებლის დასაშვები ფართობიც გაიზრდება ყოველ დამატებით ბავშვზე 10 კვადრატული მეტრით.
პროგრამის საბოლოო პირობები, მონაწილეობის წესი და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი ჯერ დასაზუსტებელია. წინა ორ პროგრამაში, „ჩემი სახლი 1“-ისა და „ჩემი სახლი 2“-ის ფარგლებში, ჯამში თითქმის 22 000 სესხის ხელშეკრულება გაფორმდა.
