Latest news
საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება  დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს

საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს

საბერძნეთში ყალბი სასტუმროს ქვითრების გამოყენებით შემოსავლის თაღლითურად დამალვის მასშტაბური სქემა გამოაშკარავდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობით სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 12,67 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო სქემაში 1 309-ზე მეტი პოლიციელი, სამხედრო და სხვა საჯარო მოხელე იყო ჩართული.

ათენის პროკურატურაში 20 დაკავებული გადაიყვანეს. მათგან 16-ს მძიმე დანაშაულის ბრალდება წარედგინა, მათ შორის კრიმინალური ორგანიზაციის შექმნისა და ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით. დანარჩენი ოთხი პირის საქმე სამხედრო სასამართლოს გადაეცა.

გამოძიების მიხედვით, ორი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ჯგუფი საჯარო მოხელეებზე გასცემდა სასტუმროში თითქოსდა განთავსების დამადასტურებელ ყალბ ქვითრებს. ამ დოკუმენტებით პოლიციელები, მესაზღვრეები, სამხედროები, მეხანძრეები და სხვა თანამშრომლები სამსახურებრივი მივლინების დროს სასტუმროში ღამის გათევის ხარჯების ანაზღაურებას იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად იქ არ ცხოვრობდნენ. ყალბი ქვითრის სანაცვლოდ მომსახურების საფასური 150 ევროდან იწყებოდა.

ერთ-ერთი ჯგუფის წევრი პოლიციელებს ათენის პოლიციის სამმართველოსა და სასამართლოების მიმდებარე ტერიტორიებზე ხვდებოდა და მათ სახელობით კონვერტებში მოთავსებულ ყალბ ქვითრებს გადასცემდა. მეორე ჯგუფის საქმიანობაში კი მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა პოლიციელსა და ბუღალტერს, მეტსახელად „მარკელას“.

საქმის მასშტაბს ისიც ადასტურებს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა 173-ზე მეტი ნაქირავები ან ქვეიჯარით გაცემული საცხოვრებელი, რომლებიც ფიქციურ სასტუმროებად გამოიყენებოდა. ერთ-ერთ, სულ რაღაც 44 კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში, დოკუმენტების მიხედვით, ერთდროულად 23 ადამიანი იყო განთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 418 270 ევრო ნაღდი ფული, 200 ათას ევროზე მეტი ღირებულების მოგებული ლატარიის ბილეთები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, კომპანიის ბეჭდები, საბანკო და სხვა დოკუმენტები, ასევე ოთხი ავტომობილი.

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები დამატებით სწავლობენ საქმეში მონაწილე საჯარო მოხელეების ვინაობასა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრულ მოცულობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *