ვოლოსი: მათ მიცვალებულები აერიათ და სულ სხვა ადამიანი დაკრძალეს
წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა შაბათს ვოლოსში. გავრცელებული ცნობით, დაკრძალვის დროს შეცდომით სხვა მიცვალებული დაკრძალეს.
შემთხვევა წმინდა გიორგის იოლკოსის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე მოხდა. დაკრძალვის დროს, ერთ მომენტში გარდაცვლილის შვილიშვილმა შეამჩნია რომ კუბოში მწოლიარე ქალი მის ბებიას არ ჰგავდა და ამის შესახებ ახლობლებს შეატყობინა. მათ თავის მხრივ დაამშვიდეს და უთხრეს, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი გარეგნული მონაცემები გარკვეულწილად იცვლება და საგანგაშო ამაში არაფერია. ამის შემდეგ დაკრძალვა ჩვეული თანმიმდევრობით, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა.
კვირა დილით კი, როდესაც დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლები წავიდნენ ვოლოსის საავადმყოფოდან 97 წლის ქალის ცხედრის ეკლესიაში გადასასვენებლად, მიცვალებული ვერსად იპოვეს. ეტიკეტი, რომელზეც კონკრეტული მიცვალებულის მონაცემები უნდა ყოფილიყო მითითებული, არსად ჩანდა.
აღმოჩნდა, რომ იმ ქალის ცხედარი, რომლის დაკრძალვაც გაიმართა შაბათს, ჩვეულებრივ თავის ადგილზე იყო მორგის ცივ ოთახში, თუმცა სულ სხვა ეტიკეტით.
პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მორგის მორიგე თანამშრომელმა მიცვალებულებს ადგილები შეუცვალა ისე, რომ ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტში აღნიშვნა არ გაუკეთებია და ერთ-ერთ მათგანს ეტიკეტი არ გაუკეთა.
ორივე გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლები შოკირებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ 82 წლის მიცვალებულის ნაცვლად შეცდომით სხვა ადამიანი დაკრძალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ორ დამკრძალავ ბიუროს და ორ ოჯახს შორის მიმდინარეობს დისკუსია რათა 82 წლის მიცვალებულის ექსგუმაცია არ მოხდეს და დატოვონ იქ სადაც დაკრძალეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი ქალის პანაშვიდი დღეს, ორშაბათს გაიმართება.
