ირლანდია: შავკანიანი გოგონას გარდა ყველა ბავშვი დაჯილდოვდა მედლით
ტანვარჯიშის სამყაროში გამოხმაურება გამოიწვია ვიდეომ, რომელიც ტრიალებდა ინტერნეტში და ეხება გასული წლის მარტში ირლანდიაში სპორტულ ღონისძიებაზე მომხდარ ამაღელვებელ შემთხვევას.
აღნიშნულ ვიდეოში ნაჩვენებია ირლანდიაში ტანმოვარჯიშეთა სპორტული ღონისძიების ბოლოს მცირეწლოვანი ბავშვების მედლებით დაჯილდოვების ცერემონია, რომელშიც ჩანს, რომ ღონისძიების წარმომადგენელი მედლებით აჯილდოვებს რიგში მდგარ ყველა თეთრკანიან გოგონას და გამოტოვებს მხოლოდ შავკანიან ტანმოვარჯიშეს.
გავრცელებული ცნობით, ეს სპორტული ღონისძიება გაიმართა 2022 წლის მარტში დუბლინში, ეროვნულ დახურულ არენაზე. ორმა ყველაზე ცნობილმა შავკანიანმა სპორტსმენმა აშშ-ში, სიმონ ბაილსმა და ჯორდან ჩაილდსმა, გამოთქვეს თავიანთი გაღიზიანება და მწუხარება მომხდარის გამო.
კერძოდ, ოთხგზის ოლიმპიურმა ტანმოვარჯიშემ სიმონე ბაილსმა Twitter-ის კომენტარში დაწერა მომხმარებლის საპასუხოდ, რომელმაც მონიშნა იგი შესაბამის პოსტში, რომ როდესაც პირველად ნახა ეს სცენა, გული გაუსკდა, ამიტომ შავკანიანი გოგონას მხარდასაჭერად პატარა ვიდეომიმართვა ჩაწერა. „რასიზმს ადგილი არ აქვს არც სპორტში და არც სხვაგან! “ – წერს ცნობილი სპორტსმენი კომენტარში.
მისმა თანაგუნდელმა და მეგობარმა ჯორდან ჩაილდსმა სთხოვა მის მიმდევრებს სოციალურ ქსელებში დახმარებოდნენ ამ გოგონას პოვნაში და აღნიშნა, რომ ის, რაც მას შეემთხვა, წარმოუდგენლად მტკივნეული იყო.
კლიპის ხელახალი გამოქვეყნებით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, Gymnastics Ireland-მა ორი დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, რის შემდეგაც ვიდეოში ასახული ოფიციალური პირი აღიარებს, რომ ფაქტი მიუღებელია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქმედება არ იყო განზრახ ჩადენილი. მან ასევე განმარტა, რომ ეცადა შეცდომის გამოსწორებას იმით, რომ შავკანიანმა სპორტსმენმა მედალი სტადიონის დატოვებამდე მიიღო.
ფედერაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წარმომადგენელი თავს ცუდად გრძნობდა შეცდომის გამო და ითხოვა შავკანიან გოგონასთან და მის ოჯახთან პირადად შეხვედრა ბოდიშის მოხდის მიზნით. ეს მოთხოვნა თავიდანვე უარყოფილ იქნა, ამიტომ მან ბოდიში წერილობით მოიხადა. როგორც ცნობილია, „ორივე მხარე შეთანხმდა შუამავლობის პროცესში შესვლაზე“ და საკითხი გასული წლის აგვისტოში საბოლოოდ გადაწყდა.
თუმცა, გოგონას დედა, რომელიც ადგილობრივ მედიას ესაუბრა, ნაწილობრივ უარყოფს აღნიშნულ განცხადებას და ამბობს, რომ საკითხი დასრულებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, Gymnastics Ireland-ს საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია მომხდარის გამო და ცდილობს ოფიციალური პირის დაფარვას.
როგორც ახალგაზრდა სპორტსმენის დედა აღნიშნავს, ოფიციალური პირის წერილი, რომელიც იწყებოდა ფრაზით „ყველა დაინტერესებულს“, არ იყო გულწრფელი ბოდიში. იგი დაუკავშირდა შვეიცარიაში ტანვარჯიშის ეთიკის ფონდს მისი ქალიშვილის სასგებლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
სპორტსმენის დედამ ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ მისი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ირლანდიის ოლქში ლეინსტერში, შეიძლება გახდეს რასისტული თავდასხმების სამიზნე საქმის საჯაროობის გამო.
https://twitter.com/I_amMukhtar/status/1705229751705641349/mediaviewer?mode=profile
