ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა
ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა
საბერძნეთში, კერძოდ ნიკეაში დაფიქსირებული საკვებით მოწამვლის ცხრა შემთხვევასთან დაკავშირებით, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, გიკას მაიორკინისმა განაცხადა, რომ პაციენტებში სალმონელას ინფექცია ლაბორატორიულად ჯერ არ არის დადასტურებული.
მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში გასტროენტერიტისა და სალმონელოზის შემთხვევების ზრდა უჩვეულო არ არის. პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკვების უსაფრთხო მომზადებაზე და აღნიშნა, რომ ქათმის ხორცი აუცილებლად სრულად უნდა მოიხარშოს ან მოიწვას. მისი განმარტებით, ხორცის შიდა ტემპერატურა მინიმუმ 70°C-ს უნდა აღწევდეს და ამ ტემპერატურაზე ორი წუთის განმავლობაში დარჩეს, რაც სალმონელას არსებობის შემთხვევაშიც კი ინფექციის რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს.
მაიორკინისმა ასევე აღნიშნა, რომ ქათმები ხშირად სალმონელას უსიმპტომო მატარებლები არიან, ამიტომ აუცილებელია უმი ქათმისა და ისეთი პროდუქტების, როგორიცაა სალათები, ერთმანეთთან კონტაქტის თავიდან აცილება. მისი თქმით, საკვების ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.
პროფესორმა ასევე ისაუბრა მაღალი ტემპერატურისა და აფრიკული მტვრის გავლენაზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მან რეკომენდაცია მისცა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში გარეთ ყოფნა შეზღუდონ ან გამოიყენონ მაღალი დაცვის ნიღბები. ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ურჩია მოერიდონ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და მკურნალობის რეჟიმი ზედმიწევნით დაიცვან.
