მილოსის კატაკომბები- უძველესი არქეოლოგიური ძეგლი კუნძულის მდიდარ ისტორიაზე მოგვითხრობს
მილოსი ციკლადების ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულია, რომელსაც ისევე, როგორც საბერძნეთის ყველა სხვა კუნძულს, მდიდარი ისტორია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძული საყოველთაოდ ცნობილია ვენერა მილოსელის უძველესი ქანდაკების აღმოჩენით, ის არის ასევე კატაკომბების ადგილი, რომლებიც მოგვითხრობენ ადრეული ქრისტიანების ტრაგიკულ ისტორიას საბერძნეთში .
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების აზრით, მილოსის შიშისმომგვრელი კატაკომბები 7000-8000 ქრისტიანის სასაფლაო იყო, რაც ამ ადგილს აქცევს მესამე ყველაზე წმინდა ადრექრისტიანულ ძეგლად წმინდა მიწისა და რომის კატაკომბების შემდეგ.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კატაკომბები მილოსის დამალული საიდუმლოა ტურისტებისთვის.
მათ მომხიბვლელ ისტორიასთან ერთად, კატაკომბები უნიკალური კონსტრუქციის მქონე საოცრებაა, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას იმ ფსკერის ბუნებრივ კონტურებთან, რომლებშიც ისინია გამოკვეთილი.
კატაკომბები წარმოადგენს მიწისქვეშა ქსელს სამი კამერით, ხუთი დერეფნით და დასაკრძალი კამერით.
ქსელის სიგრძე 184 მეტრია, დერეფნების სიმაღლე აღწევს 2,5 მეტრს, ხოლო სიგანე 80 სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე.
მილოსის კატაკომბებს იყენებდნენ როგორც ადრეული ქრისტიანების სამარხებს.
კატაკომბების თაღების უმეტესობა შეთეთრებულია, ხოლო კუთხეებში წითელი შეფერილობის კვალიც კია შემორჩენილი.
უკანა კედელზე იყო წარწერები, რომლებმაც სამწუხაროდ ვერ გაუძლეს დროს და დაზიანდნენ თუმცა, ნაპოვნია რამდენიმე წარწერა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა “EN KO”, რაც ნიშნავს “En Kyrio” (უფლისთვის).
ასევე არის კლდეში გათხრილი საფლავი, სახელად „მოწამის საფლავი“, რომელსაც ქრისტიანები მსახურების დროს საკურთხევლად იყენებდნენ. ასევე არის წარწერა, რომელიც მოწმობს, რომ იქ იყო მილონის ასულის „სტეფანიდას“ საფლავი.
მილოსის კატაკომბები მართალია სასაფლაო იყო, მაგრამ აღმოჩენების მიხედვით სხვა მიზნებსაც ემსახურებოდა.
ეს იყო რელიგიური თაყვანისცემის ადგილი, რომელიც მეექვსე საუკუნეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად კლდეებისა და ნიადაგის ქვეშ სამუდამოდ დაიმარხა.
ამის შემდეგ ისტორია უკვე ლეგენდასთან იყო გადახლართული.
პირველი ადამიანი, ვინც ძეგლი სოფელ ტრიპიტის მახლობლად გათხრების დროს იპოვა, იყო არქეოლოგიის გერმანელი პროფესორი ლუდვიგ როსი, რომელმაც პირველმა შეისწავლა კატაკომბები 1843 წელს.
მან აღმოჩენილი რთული მიწისქვეშა ქსელი ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით დაათარიღა.
კატაკომბების ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული კუნძულზე არსებულ მაღაროებთან, რომლებიც წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში.
რომის ბაზრებს სურდა მადანი და სხვა მასალები, რომლებსაც აწარმოებდა ციკლადური კუნძულის მდიდარი მიწა.
კისირისი, ვულკანური ლავის გასქელებული ქაფისგან წარმოქმნილი მინერალი, გამოიყენებოდა ტაძრებისა და სახლების ფასდაუდებელი მოზაიკის გასაპრიალებლად, ხოლო რომაელი და ბერძენი მხატვრები ხშირად იყენებდნენ “მილიტს”, მინერალს, რომელიც გამოიყენებოდა თეთრ საღებავად.
ალუმინის სულფატს იყენებდნენ ექიმები, ასევე მოიპოვებოდა გოგირდი, რომელსაც მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ.
ათასობით მონა, რომლებიც უმეტესწილად ახლად მოქცეული ქრისტიანი ბერძნები იყვნენ, მუშაობდნენ მიწისქვეშეთში დღე და ღამე, ხოლო ებრაელი ვაჭრები ასრულებდნენ გარიგებებს, კაპიტანებს კი ტვირთი გადაჰქონდათ.
მონებმა ააშენეს ასევე კუნძულ მილოსის ინფრასტრუქტურა, მათ შორის დიდი თეატრი.
1927 წელს, ბერძენმა ისტორიკოსმა გიორგოს სოტირიუმ კატაკომბებში აღმოაჩინა თევზის სიმბოლო, ადრეული ქრისტიანული საიდუმლო სიმბოლო, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ΙΧΘΥΣ (თევზი), და წარმოადგენს აკრონიმს „იესო ქრისტე, ღვთის ძე, მხსნელი”.
