ხანია: „18 000 ევროს ვიღებდი. იყო გოგონა, რომელსაც ათი ემბრიონის გადატანა გაუკეთდა“ – ამბობს ქართველი სუროგატი დედა
ბერძნულ მედიაში ვრცელდება ქართველი სუროგატი დედის მიერ მიცემული ინტერვიუ იმ სუროგაციის ცენტრში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლების სამიზნე გახდა და რომლის აღმასრულებლებიც დამნაშავედ ცნეს და დააკავეს. აღნიშნული ინტერვიუ ცხადყოფს ხანიაში ბავშვთა ტრეფიკინგის რგოლის ფუნქციონირების ნიუანსებს.
ქართველმა ქალმა, რომელიც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის გამოცდილებას დეტალურად აღწერს, ანონიმურად დარჩენა ითხოვა – თხრობის გასაადვილებლად კი შერჩეული სახელი „ანა“ გამოიყენა.
ანა ხანიაში თითქმის 11 თვე იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, ამ პერიოდში სუროგატი დედა გახდა და იმ 14 სახლიდან სამში დააბინავეს, რომელიც სავარაუდოდ კლინიკას ხელთ ჰქონდა. ის ჰყვება, თუ რა განიცადა 2021 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური მიზეზების გამო გამხდარიყო სუროგატი დედა:
„საქართველოდან ჩამოსულ ქალს დავუკავშირდი ინტერნეტის საშუალებით. ხანიას კლინიკაც დამიკავშირდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩავსულიყავი საბერძნეთში, სადაც კლინიკა დაფარავდა ჩემი მოგზაურობის ხარჯებს.
პირველ რიგში, საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში მომიწია ჯანმრთელობის ანალიზის გაკეთება. როდესაც საბერძნეთში ჩავედი, რამდენიმე ტესტი განმეორდა და მერე დავიწყე სუროგაციის პროცესი. მაშინ მე 34 წლის ვიყავი, ხოლო უმცროსი გოგონები, რომლებსაც კლინიკის საშუალებით შევხვდი (სუროგატები და კვერცხუჯრედების დონორები) 24-დან 25 წლამდე იყვნენ.
ანაზღაურება, რომელსაც მივიღებდი, იყო 18000 ევრო ჩემი ყოფნის მთელი პერიოდისთვის, თანხა, საიდანაც ყოველთვიურად ვიღებდი 200 ევროს ჩემი პირადი ხარჯებისთვის და საკვებისთვის. ჯამში დარჩენილ 15000 ევროს საბოლოოდ მივიღებდი.
თუ იქ ყოფნისას მეტი თანხა დაგვჭირდებოდა, მოგვცემდნენ იმ თანხას, რასაც ვითხოვდით და გადასახადს ჩამოგვიჭრიდნენ ჩვენი კუთვნილი თანხიდან.”
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სუროგატი დედა გამხდარიყო, ანა აღიარებს: „უამრავი ფინანსური პრობლემის წინაშე ვიყავი და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სუროგატი დედა გავმხდარიყავი. სანამ ორსულობა დამეწყებოდა, ფსიქოლოგიურად მოვემზადე, რომ ეს ბავშვი ჩემი არ იქნებოდა. მე შევახსენე ჩემს თავს, რომ მე დავეხმარები სხვა ადამიანებს საკუთარი ოჯახების შექმნაში.
თუმცა, ეს ყველა სუროგატი დედისთვის ასე არ არის. ბევრი გოგონა, ვისთანაც ვცხოვრობდი, არ იყვნენ ფსიქოლოგიურად მომზადებული ამ გამოცდილებისთვის, რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა დეპრესიის სიმპტომები. ზოგადად, საცხოვრებელი პირობები არ იყო სასიამოვნო, რადგან დატვირთული ატმოსფერო ჩვენ შორის დაძაბულობას ქმნიდა. ეს ფაქტიც გახდა ჩემი სახლის გამოცვლის მიზეზი“ – განმარტავს ანა და აღნიშნავს, რომ იქ ყოფნის დროს გამოიცვალა სახლი და გადაიყვანეს სხვა სახლში, სავარაუდოდ კლინიკის საკუთრებაში.
„სახლში, სადაც ყველაზე დიდხანს დავრჩი, სულ ხუთი სუროგატი დედა ვიყავით ერთ ჭერქვეშ და თუმცა სივრცე დიდი იყო, კომფორტულად ვერ ვგრძნობდით თავს. სახლს „დაწყევლილს“ ვუწოდებდით.
არ მქონია რაიმე განსაკუთრებული პრობლემა იმ სახლში, რომელშიც ვცხოვრობდით და არც სახლიდან გასვლა გვეკრძალებოდა, თუმცა ქართველი ქალი, ვინც აქ გამომგზავნა, ზედმეტად გვაკონტროლებდა. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე ჩვენგანი ღამით გასეირნებას ცდილობდა, ქართველი იგებდა. მან გაგვაფრთხილა, რომ 10 საათამდე სახლში თუ არ ვიქნებოდით პრობლემები შეგვექმნებოდა. თუ რომელიმე გოგონა გვიანობამდე რჩებოდა გარეთ, ურეკავდა, ლანძღავდა და ემუქრებოდა.”
კითხვაზე, თავს დაცულად გრძნობდა თუ არა ხანიაში ყოფნის განმავლობაში, ანა ამბობს, რომ „მშობიარობის დროს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თავს სრულიად უსაფრთხოდ გგრძნობდა.
“ზოგადად, კლინიკით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ვიღაც მიყურებდა. თავისუფლების ნაკლებობის განცდა მძაფრი იყო“.
სუროგატად გახდომამდე, პროცედურების კანონიერებასთან დაკავშირებით, ანა აცხადებს: „პროცედურა რომ დავიწყე, მითხრეს, რომ ყველაფერი კანონიერია. რაღაც საბუთებს ხელი მოვაწერე საქართველოში. თუმცა, როცა საბერძნეთში ჩავედი, ხელმოწერისთვის მომცეს მეტი დოკუმენტი, ამჯერად ბერძნულად, რომლის შესახებაც არ ვიყავი ინფორმირებული და არც ენა ვიცოდი, რომ გამეგო რა ეწერა მასში.
ასევე, როცა საქართველოდან საბერძნეთში ჩადიხარ, სამი თვით ლეგალური ხარ. როცა ვიკითხე, დამაჯარიმებდნენ თუ არა სამთვიანი ვადის დარღვევისთვის, მითხრეს, რომ რადგან საბერძნეთში დავორსულდებოდი, არ დამაჯარიმებდნენ. თუმცა, ეს არ იყო სიმართლე.საქართველოში დაბრუნებისთანავე 1200 ევროს ოდენობის ჯარიმა დამირიცხეს, რომელიც გადაუხდელი დარჩა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვთვლიდი, რომ ერთადერთი „უკანონობა“ იყო ჩემი ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება. ბოლო დრომდე მქონდა შთაბეჭდილება, რომ ჩემი სუროგაციის პროცესი ამ კლინიკის მეშვეობით სრულიად ლეგალური იყო. მხოლოდ მაშინ, როცა ატყდა სკანდალი, მივხვდი, რომ კლინიკას უკანონო პროცედურებში ადანაშაულებენ“.
კითხვაზე, თუ რა სამედიცინო პროცედურებს ჩაუტარდა დაორსულებისთვის, ანა ამბობს: „ხშირად გვქონდა ემბრიონის გადანერგვა დაორსულებისთვის, ჩვეულებრივ 3-4-ჯერ თითოეულ სუროგატს. თუმცა გავიცანი გოგონა, რომელსაც 10-ჯერ მოუწია პროცედურის გავლა დაორსულებისთვის.
კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურა არ გამიკეთებია. მე ვიცი ორი ქალის საქმე, რომელთაგან ერთს ეს პროცედურა ორჯერ გაუკეთდა, მეორეს ოთხჯერ“.
ბევრ გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ ბავშვების „ბედზე“, რომლებსაც ისინი ატარებდნენ. რაც შეეხება იმ მშობლებს, ვის შვილსაც მე ვატარებდი, ჩვენ დიდი შეხება არ გვქონია. მხოლოდ მათი სახელები ვიცოდი და გავიგე, რომ ისინი უცხოელები იყვნენ და არა ბერძნები. როცა ვიმშობიარე, საჩუქრები გამომიგზავნეს და მადლობა გადამიხადეს. თუმცა, ძალიან ბევრ გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა მათ მიერ გაჩენილი ბავშვების ბედზე.
ანამ კლინიკის სამ თანამშრომელთან შეინარჩუნა კონტაქტი. როგორც ის განმარტავს, „ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ როგორც ჩვენს წამლებზე, ასევე სამედიცინო პროცედურებზე, ასევე ბავშვების „ბედზე“. ერთ-ერთ მათგანს, ქართველ ქალს ევალებოდა გოგონების მოვლა, ფულის გამოყოფა და სახლში წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარება.”
”მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია ხანიაში ყოფნის გამო, გარდა იმისა, რომ თითქმის ერთი წელი ვგრძნობდი თავს ხაფანგში. სახლში შემოსვლა ყველას ეკრძალებოდა, გარდა იქ მცხოვრები სუროგატებისა.”- აღნიშნავს ის ინტერვიუს ბოლოს.
