არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ – აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები
არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ – აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები
სალონიკში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე MDMA-ს ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას ოჯახისწევრები სრულყოფილ გამოძიებასა და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვენ.
გარდაცვლილის მამა, კოსტას ადამი, აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი სწავლას ოჯახურ ბიზნესში მუშაობას უთავსებდა და პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. მისივე თქმით, გოგონა დაკავებულ 20 წლის მეგობარს ბავშვობიდან იცნობდა.
მამამ ასევე გაამხილა, რომ სამი წლის წინ იმავე ახალგაზრდასთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, მაშინ გოგონა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამა სამართალდამცველებს მოუწოდებს, ყველა გარემოება გამოიკვლიონ, რათა მსგავსი ტრაგედია სხვა ოჯახებს აღარ დაატყდეთ თავს.
ოჯახის ადვოკატის, ანტონის კუდროღლუს განცხადებით, საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა, რომელთა დეტალური შესწავლაც აუცილებელია. ოჯახი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დანიშნულ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი სპეციალისტის ჩართვასაც გეგმავს.
გოგონას გარდაცვალების საქმეზე მის 20 წლის მეგობარს პროკურატურამ მძიმე დანაშაულისთვის, სასიკვდილო შედეგის გამომწვევი საფრთხის შექმნისთვის ბრალი წაუყენა. მას ასევე ედება ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენაში, ფლობასა და მოხმარებაში. გამოძიება გრძელდება იმ პირის ვინაობის დასადგენადაც, რომელმაც ახალგაზრდებს MDMA მიაწოდა.
